„ევრონიუსი“ მალტასა და ნიდერლანდებს ეწვია, რათა ენახა ის ენთუზიასტები, რომლებიც ცდილობენ ზღვის ეკოლოგიური მგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ცოდნის გაღმავებას.
მალტას ყოველ წელს მილიონობით ზღვის მოყვარული სტუმრობს. მაგრამ ყვინთვის მოყვარულთა ერთი ჯგუფი აქ მხოლოდ გასართობად არ ჩამოსულა. ისინი უფასო ტურით იმყოფებიან მალტის ეროვნული აკვარიუმის ორ გიდთან ერთად, რათა მცირე რამ შეიტყონ როგორც ადგილობრივი ზღვის ფლორისა და ფაუნის, ისე კაცობრიობისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ.
„ჩემი აზრით, ეს კარგი საშუალებაა, რომ ხალხს ინფორმაცია მიაწოდო. მგონია, რომ ბავშვებიც და ჩემი ასაკის ადამიანებიც ძალიან ხალისობენ. ჩემზე ცოტა უფროსებიც იყვნენ, და როგორც ჩანს, ასეთი გასართობი ყველას მოსწონს, კარგია!“ – განაცხადა ჯგუფის ერთმა წევრმა.
ასეთი ინიცატივები ფუნდამენტური პრობლემის გადაჭრას ემსახურება: როგორც ჩანს, საზოგადოებამ ოკეანის შესახებ ცოტა რამ იცის და ამიტომაც ნაკლებად ზრუნავს მასზე.
მალტის ოკეანის ელჩის ალან დეიდანის თქმით, ხალხის უმეტესობას არ აღელვებს ზღვის თემა – მაგრამ მოქალაქეებზე გათვლილ სამეცნიერო კამპანიებს ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია.
ალან დეიდანი, მალტის ოკეანის ელჩი:
„როგორც ვიცით, ევროპას აქვს ე.წ. ლურჯი სტრატეგია, რაც გულისხმობს, რომ ზღვისგან მეტი ეკონომიკური სარგებელი მივიღოთ. მაგრამ ეს ეკოლოგიის დაზიანების გარეშე უნდა გავაკეთოთ. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა ოკეანის შესახებ ცოდნის გავრცელებაა არა მხოლოდ ქუჩაში გამვლელების, არამედ პოლიტიკოსების დონეზე. გასაოცარია, რამდენად მწირი ინფორმაცია აქვს ზოგიერთ მაღალჩინოსანს ოკეანესთან დაკავშირებით“.
EU4Ocean
ოეკანის შესახებ ცოდნის გაღრმავება „ევროპის ოკეანის კოალიციის“ (EU4Ocean) მიზანია, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. ეს კოალიცია ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ორგანიზაციას, პროექტსა და ხალხს, რომლებიც საზოგადოების ინფორმირებაზე ზრუნავენ. კოალიაციას აქვს საგანმანათლებლო პროგრამებიც. თუმცა კოალიციის დღის წესრიგში წამყვანი საკითხია ოკეანის შესახებ ცოდნის გაღრმავება და საჯარო დისკუსია.
„მთავარი საკითხია ხალხის ჩართვა, რათა მათ დროულად გააცნობიერონ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ოკეანეს ჩვენი ცხოვრებისა და მომავლისთვის,“ – ამბობს აარონ ფარუგია, მალტის გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და დაგეგმარების მინისტრი.
კარმენუ ველა, ყოფილი ევროკომისარი გარემოს დაცვის, საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის საკითხებში ეთანხმება და თვლის, რომ ოკეანის შესახებ ცოდნის გაღმავება არსებითი საკითხია:
„როგორ შეიძლება, არ გვქონდეს საკმარისი ცოდნა პლანეტის ყველაზე დიდი აქტივის შესახებ და გული არ შეგვტკიოდეს მასზე, რაზეც ყველა დამოკიდებული ვართ: ბავშვები, სტუდენტები, მედია, პოლიტიკოსები, მოხელეები – ყველა.“
ადგილობრივი ფესტივალები, მაგალითად, „სანაპიროს დღეები“ არის ერთ-ერთი გზა საზოგადოების ჩასართავად, განსაკუთრებით ბავშვების, რომლებიც თამაშის ფორმით სიხარულით სწავლობენ ისეთ თემებს, როგორიცაა ზღვის კვების ჯაჭვი. კოალიცია „ევროკავშირი ოკეანისთვის“ ოკეანის შესახებ ცოდნის გაღრმავებას ხელს ევროპის მასშტაბით უწყობს სკოლებსა და ახალგაზრდულ პროექტებში. ასევე იზიდავს ფართო აუდიტორიას #MakeEUBlue კამპანიის ფარგლებში.
დიდი მნიშვნელობა აქვს თემატურ გამოფენებს მუზეუმებში, ხელოვნების ცენტრებსა და აკვარიუმებში.
„ზღვა დიდი პრობლემის წინაშე დგას და, სამწუხაროდ, ხალხმა არაფერი იცის ამის შესახებ. ჩემი აზრით, აკვარიუმებისა და ზოოპარკების ერთ-ერთი მთავარი საქმე უნდა იყოს ოკეანის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. შეიძლება ამ სილამაზეს უცქერდე, ხედავდე ამ საოცარ ცხოველებს, მაგრამ რაღაცაც უნდა გავაკეთოთ მათთვის. შეიძლება გიყვარდეს ისინი, საოცრებად მიგაჩნდეს, მაგრამ თუ არ იბრძოლებ მათ გადასარჩენად, ეს ყველაფერი სულ მალე უბრალოდ გაქრება,“ – გვიხსნის თაის ამარალი, მალტის ეროვნული აკვარიუმის განათლების მუშაკი.
მომავალი თაობის მომზადება
მოდით, ახლა მალტიდან ნიდერლანდებში ქალაქ დენ-ჰელდერში გადავინაცვლოთ, სადაც სოციალური საწარმო „ზღვის რეინჯერის სერვისი“ [The Sea Ranger Service] ახალგაზრდებს საზღვაო კარიერის შექმნის საშუალებას აძლევს.
ეს საწარმო, რომელიც 2016 წელს ჰოლანდიელმა გარემოსდამცველმა ვიეტს ვან დერ ვერფმა დააარსა, მსურველებს ერთწლიან ანაზღაურებად საზღვაო პრაქტიკას სთავაზობს.
„საზღვაო ინდუსტრიის ერთ-ერთი პრობლემა ახალგაზრდობის, ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვაა. მაინც როგორ უნდა წავახალისოთ ახალგაზრდები, რომ საზღვაო საქმე აირჩიონ? ამის ერთ-ერთი საშუალება ზღვის რეინჯერობაა,“ – ამბობს ვიეტს ვან დერ ვერფი, კომპანია Sea Ranger Service-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
ზღვის რეინჯერები, რომელთა ასაკიც 30 წელს არ სცილდება, წელიწადში ყოველი თვის ნახევარს გემზე ატარებენ. ერთი წლის განმავლობაში ისინი თან თეორიას ეუფლებიან – ზღვის კარტოგრაფიიდან დაწყებული იალქნების მართვისა და საინჟინრო ოპერაციების ჩათვლით – და თან გარემოსდაცვით დავალებებს ასრულებენ ზღვაში.
„ისინი ამ გემზე მუშაობენ, ჩემ უკან რომ ხედავთ, სპეციალური იალქნიანი გემია. შესაბამისად, ის ძალიან სუფთაა, გამონაბოლქვის გარეშე მუშაობს. ისინი ყველა იმ დავალებას ასრულებენ, რომლებიც ზღვის კვლევას, მართვასა და მისი ეკოსისტემის აღდგენას უკავშირდება,“ – განმარტავს ვიეტს ვან დერ ვერფი.
ახალწვეულების უმეტესობას იალქნიანი გემის მართვის არავითარი გამოცდილება არ აქვს. მათ შედარებით გამოცდილი თანაგუნდელები და გამობრძმედილი ზღვის კაპიტნები ეხმარებიან.
ნინა ჰუბერსი, ზღვის რეინჯერი:
„ეს ყველაფერი ოკეანისადმი ჩემი სიყვარულით დაიწყო. მე მიყვარს აკვალანგით ყვინთვა. მუშაობა მაშველად დავიწყე – მერე ჩემმა მეგობარმა მითხრა ზღვის რეინჯერების სამსახურის შესახებ და მეც მომეწონა! განსაკუთრებული გუნდია, რაღაცით ოჯახს ჰგავს. და მე ბევრს ვსწავლობ, რადგან იალქნით ცურვა საერთოდ არ ვიცოდი.“
„ზღვის რეინჯერებში“ ყოველ წელს მხოლოდ რამდენიმე ვაკანსიაა, ამიტომ იქ მოხვედრა საკმაოდ რთულია.
კანდიდატებმა უნდა გაიარონ მკაცრი მომზადების ეტაპი, რომელსაც სამხედრო ვეტერანები ატარებენ და ასევე მათ ყურადღებით უნდა შეისწავლონ გუნდური მუშაობის, პიროვნული განვითარებისა და თვითგადარჩენის ხელოვნება.
„ჩვენ უნდა ავაშენოთ ხიდი, რომელზეც ყველამ უნდა გავიაროთ. პირადად მე ეს შეუძლებელი მეგონა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სწორი გეგმით, კარგი გუნდური მუშაობითა და ძალისხმევით საბოლოოდ ეს შესაძლებელია!“ – ამბობს სოფი ჰანკინსონი, ზღვის რეინჯერი.
კომპანია „ზღვის რეინჯერები“ ფასიან მომსახურებას აწვდიან ნიდერლანდების სახელმწიფო სააგენტოებს – ზედამხედველობას უწევენ დაცულ ტერიტორიებს ან იღებენ წყლის სინჯებს, ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.
ამ კომპანიამ თავისი ბიზნესი ისე ააწყო, რომ ის ეკომეგობრულიც იყოს და თან ახალაგზრდების უმუშევრობა შეამციროს. კომპანია ფრანჩაიზინგის მოდელით საერთაშორისო სარბიელზეც გეგმავს გასვლას და აპირებს 2040 წლისთვის 20 ათასი ახალგაზრდა გადაამზადოს ისე, რომ ისინი საზღვაო სექტორში დასაქმდნენ.
ვიეტს ვან დერ ვერფი, კომპანია Sea Ranger Service-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი:
„ზოგიერთი ქვეყნის, მაგალითად, ხმელთაშუაზღვისპირეთიდან საფრანგეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის, ასევე ბალტიისპირეთიდან ესტონეთის, ფინეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის ის მოდელი, რომელსაც შეუძლია ცვლილება მოახდინოს. ასე რომ, ახლა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე ვართ ზოგიერთ მათგანთან, რათა გავარკვიოთ, რამდენად შეგვიძლია ჩვენი მოდელის იქ დანერგვა.“
ოკეანე დიდი გამოწვევების წინაშე დგას – იქნება ეს ოკეანის დაბინძურება, მისი რესურსების ჭარბი მოხმარება თუ კლიმატის ცვლილება. ამიტომ დიდი იმედია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს მისი პრობლემების შესახებ, მით მეტი მოინდომებს მათ გამოსწორებაზე ზრუნვას.
ავტორი: დენის ლოქტიე