უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს მოსკოვის ბრალდებას რომლის თანახმადაც, უკრაინის თავდაცვის ძალები სამხედრო მოქმედებებში ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებს.
“ჩვენ რაციონალურად მოაზროვნე ერი ვართ, მე რაციონალურად მოაზროვნე ერისა და სახელმწიფოს პრეზიდენტი ვარ. ორი შვილის მამა ვარ. ჩვენს სახელმწიფოს არავითარი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი არ გააჩნია. მთელმა მსოფლიომ იცის ეს. თქვენც იცით ეს. თუკი თქვენ ჩვენს წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებთ, წინ უმკაცრესი სანქციები გელით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებულ პრო – რუს სამხედრო მოხალისეებს ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინაში ჩასვლაში უნდა დაეხმარონ.
ოკუპანტი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში 16 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი მოსკოვის მხარეს იომოს.
“მთელი მსოფლიოდან უკრაინაში დაქირავებული მებრძოლები მიემართებიან, ეს უკრაინის დასავლელი სპონსორების ხელშეწყობით ხდება და ეს პროცესი საიდუმლოდ არ მიმდინარეობს, ისინი საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევენ. შესაბამისად თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ ვინმეს სურვილი აქვს ანაზღაურების გარეშე დონბასში ხალხს დაეხმაროს, ჩვენ მათ კონფლიქტის ზონაში ჩასვლაში უნდა დავეხმაროთ“, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე – პრეზიდენტი კამალა ჰარისი პოლონეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებს ეწვია. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ვაშინგტონი მზად არის ალიანსის წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოება უზრუნველყოს.
სატელიტით გადაღებულ ფოტო მასალაში ჩანს, რომ უკრაინის დედაქალაქთან თავმოყრილი ოკუპანტების სამხედრო კოლონა გადაჯგუფებას ცდილობს.
64 კილომეტრის სიგრძის სამხედრო კოლონაში მყოფი ტანკები და არტილერია პატარა ჯგუფებად დაიყო, მათი ნაწილი კიევის ჩრდილოეთით მდებარე ანტონოვის აეროპორტის სიახლოვეს შენიშნეს.