ჩვენ ყველამ ვიცით, რომ განახლებადი ენერგია გადამწყვეტ როლს შეასრულებს გარემოში ნახშირბადის მოცულობის შემცირების კუთხით.
ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების, მაგალითად, მზისა და ქარის ენერგიის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა წარმოებული ენერგიის შენახვაა.
თუმცა იენის უნივერსიტეტის მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათ გამოსავალი იპოვეს.
ამ მეცნიერებმა შექმნეს ორგანული პოლიმერის შემცველი ბატარეა, რომელსაც შეუძლია მოხსნას განახლებადი ენერგოწყაროების ამინდის ცვლილებაზე დამოკიდებულების პრობლემა.
ულრიხ შუბერტი, იენის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ქიმიის ცენტრის დირექტორი:
„ჩვენ გვჭირდება ენერგიის მარაგი, რათა მაშინაც კი, როდესაც ქარი ჩადგება, შეგვეძლოს მისგან მიღებული ელექტროენერგიის გამოყენება. და ისეთი ბატარეა, რომელსაც „ჟანგვა-აღდგენითი ბატარეა“ ეწოდება, ზედგამოჭრილია დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის დაგროვებისთვის. პოლიმერის პლასტმასის ახალ ბატარეას კილოგრამზე თითქმის იმდენივე ენერგიის დაგროვება შეუძლია, რამდენიც ლითიუმის ბატარეას. მაგრამ რადგანაც პლასტმასა უფრო მსუბუქია, ენერგია რომ დააგროვოს, მისი მოცულობა უნდა გაიზარდოს.“
ამ ბატარეის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ გარემოს ნაკლებად აბინძურებს. დღეისათვის არსებული ელემენტების უმეტესობის დასამზადებლად იყენებენ მავნე ლითონებს, როგორებიცაა ტყვია და ლითიუმი.
მაგალითად, ვანადიუმის მარილები მჟავაში უნდა გაიხსნას იმისთვის, რომ ტრადიციული „ჟანგვა-აღდგენითი ბატარეა“ მივიღოთ. მაგრამ ახალ ბატარეაში თხევადი მარილის ხსნარში პოლიმერებს იყენებენ.
მარტინ ჰაგერი, იენის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ქიმიის ცენტრის „პოლიმერებისა და ენერგეტიკის“ ჯგუფის ხელმძღვანელი:
„ჟანგვა-აღდგენითი ბატარეის“ შიგნით ჩვენ გავხსენით აქტიური ნივთიერება, პატარა მოლეკულები ანუ პოლიმერები. ეს, ცოტა არ იყოს, იმას ჰგავს, თუ როგორ იხსნება მარილი პასტას მომზადების დროს ან შაქარი ჩაიში.
როდესაც კარგი ქარის დროს ელექტროენერგია იწარმოება, ჩვენ შეგვიძლია, ელექტრონი აქტიური ნივთიერების ერთი მხრიდან მეორე ტიპის აქტიური ნივთიერების მხარეს გადავიტანოთ – ამ გზით შეგვიძლია წარმოებული ელექტროდენი შევინახოთ.“
ბატარეის კვლევის პროექტმა მთლიანი ინვესტიციის სახით ერთი მილიონი ევრო მიიღო. აქედან 800 ათასს ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკა აფინანსებს.
იენის უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ქიმიის ცენტრმა ასევე შექმნა თხელი ბატარეა, რომელსაც შეუძლია მცირე მოწყობილობებს მიაწოდოს ენერგია, მაგალითად, სამედიცინო სენსორებს.
ელექტროწრედი პლასტმასის ორ თხელ ფირფიტას შორის არის მოთავსებული.
ალექსანდრა ლექს-ბალდუჩი, იენის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ქიმიის ცენტრის უფროსი მკვლევარი:
„ამ ტიპის ბატარეა იმითაა განსაკუთრებული, რომ ის მოქნილია და მისი წარმოება ე.წ. ბეჭდვითი ტექნოლოგიითაც შეიძლება. უფრო მეტიც, სხვა მოქნილი ბატარეებისაგან განსხვავებით, ჩვენ ისეთ მასალას ვიყენებთ, რომელიც ლითონებს არ შეიცავს. შესაძლებელია მისი ხელახლა დამუხტვაც, რაც ნიშნავს, რომ ბატარეას რამდენჯერმე გამოიყენებ.“
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ბატარეისთვის საჭირო მასალა ევროპაშივე იშოვება, იენის უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ელექტროენერგიის დაგროვების ახალი სისტემა ბაზარზე სულ მალე გავა – ეს კი მწვანე ენერგიის სტაბილურად მიწოდების კუთხით კარგი გამოსავალი იქნება.“
ავტორი: კლაუდიო როსმინო