უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთის ქალაქ ანტალიაში შეხვდნენ ერთმანეთს, შეხვედრას ესწრებოდა მასპინძელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრიც.
უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ ეს უკრაინელ და რუს მინისტრებს შორის პირველი შეხვედრა იყო.
ბელარუსში გამართული მოლაპარაკებების სამი რაუნდის მსგავსად თურქეთში შემდგარი შეხვედრაც წარუმატებლად დასრულდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსული მხარე 24 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე და უკრაინის ალყაშემორტყმული ქალაქების გარშემო ჰუმანიტარული კორიდორების შექმნაზე არ დათანხმდა.
“ეს შეხვედრა იყო მარტივი და რთულიც. მარტივი გახლდათ იმიტომ, რომ მინისტრმა ლავროვმა ტრადიციული ნარატივი წარადგინა, ეს შეხვედრა იყო ამავე დროს რთული რადგან მე შევეცადე მეპოვნა დიპლომატიური გამოსავალი იმ ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე რომელიც ალყა შემორტყმულ ქალაქებში ტრიალებს. სამწუხაროდ მინისტრმა ლავროვმა განაცხადა რომ ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მას არ გააჩნია“, – განაცხადა შეხვედრის დასრულებისთანავე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.
რუსმა დიპლომატმა კი ზუსტად იგივე განაცხადა უკრაინული მხარის პოზიციის შეფასებისას.
“ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა ჰუმანიტარული კორიდორების გახსნაზე, მათი გახსნის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მხარეს, რომელიც შესაბამის ტერიტორიას აკონტროლებს. სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის საჭიროა ყველაზე უსაფრთხო მარშრუტების არჩევა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ მათ უკრაინულ ლაბორატორიებში კორონავირუსის ნიმუშები იპოვეს. თეთრი სახლის პრესმდივანი სოციალურ მედიაში ავრცელებს განცხადებას, სადაც წერია, რომ მოსკოვი ამ ყალბი ბრალდების საფუძველზე უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებს.
რუსული არმიის მიერ ალყაშემორტყმულ სამხრეთ უკრაინულ ქალაქ მარიუპოლში მდებარე საავადმყოფოებზე საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმის ფონზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვს სამხედრო დანაშაულში სდებს ბრალს. რუსული თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიჭრა.
“სამშობიაროს შენობაზე რუსული ბომბების ჩამოყრა კიდევ ერთი სამხილია იმისა, რომ მოსკოვი უკრაინულ ერს გენოციდს უწყობს. ევროპელებო, თქვენ ვეღარ იტყვით რომ არ გინახავთ რა ბედი ეწიათ უკრაინელებს მარიუპოლში. თქვენ ეს იხილეთ. თქვენ ეს იცით. გენოციდი რომ შეწყდეს საჭიროა, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მძიმე სანქციების დაწესება. მოსკოვზე ზეწოლაა საჭირო, რომ ვაიძულოთ რუსული მხარე შეწყვიტოს ომი და მოლაპარაკებების პროცესს დაუბრუნდეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მარიუპოლი უკვე 9 დღეა ალყაშია, ქალაქის მერიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, დაიღუპა 1200 – ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.