მთავარისაქართველოსაქართველოს თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება - დახურული შეხვედრა პარლამენტში

საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება – დახურული შეხვედრა პარლამენტში

შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ, პარლამენტის ნდობის ჯგუფმა კიდევ ერთი ძალოვანი უწყების მინისტრი დაიბარა და მოუსმინა.

ჟუანშერ ბურჭულაძე დეპუტატებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა და სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო უსაფრთხოების დოქტრინაზე მუშაობს და პარლამენტს მალე წარუდგენს.

არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობებს ჯუანშერ ბურჭულაძე ასე აფასებს.

„რა თქმა უნდა, გამოწვევა კლასიკურად რაც იყო იგივეა, საფრთხე იგივეა, უბრალოდ რეგიონში ომია, ინტერვენცია არაერთხელ ჩვენს თავზეც ვიწვნიეთ. ახლა საფრთხეების კლასიფიცირება არ შეცვლილა, შეიცვალა ინტენსივობა. ჩვენ რისკებსა და საფრთხეებს საიდანაც ვხედავდით, იქიდან ვხედავთ, უბრალოდ გამძაფრებულად. შესაბამისად, ჩვენი მხრივ გაიზრდება ინტენსივობა. ის საფრთხეები, რაც ჩვენ დოკუმენტებში გვაქვს გაწერილი, არ შეცვლილა. შეიცვალა ინტენსივობა. ვისაუბრეთ გასული წლის შედეგებზე, იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც დავუსახეთ და შევასრულეთ, ასევე იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც დასახული გვაქვს, ასევე ვისაუბრეთ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებზე. ჩვენ გამოვეცით თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი და 2021-2025 წლების 4- წლიანი გეგმა. ეს არის საჯარო დოკუმენტები, სადაც განსაზღვრულია ჩვენი საბრძოლო შესაძლებლობების პრიორიტეტებიც. ასევე იცით, რომ პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტად 2019 წლიდან იქცა ჯარისკაცზე ზრუნვა. ესეც არის ჩვენი პრიორიტეტი”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ამბობს, რომ თავდაცვის უწყება სრულად აღიქვამს რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. როგორ და რა შესაძლებლობები აქვს ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის მხრივ, საკითხის საიდუმლოებიდან გამომდინარე არაფერი უთქვამს.

შეხვედრის დეტალებზე მედიასთან არც ნდობის ჯგუფის ოპოზიციონერმა წევრმა ისაუბრა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ჯანაშიამ თქვა, რომ თავდაცვის სამინისტრომ პრიორიტეტებს აუცილებლად უნდა გადახედოს და არსებული რეალობიდან გამომდინარე დასახოს სტრატეგია.

დახურული ფორმატის შეხვედრას თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის გარდა, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

პარლამენტის ნდობის ჯგუფი ძალოვანი უწყებების საიდუმლო საქმიანობასა და საიდუმლო პროგრამებზე ინფორმაციის მიღების მიზნით იკრიბება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend