ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოში რუსული კაპიტალის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა.
დოკუმენტში წერია, რომ რუსული მსხვილი კომპანიები საქართველოში მუშაობენ კავშირგაბმულობის, ბუნებრივი რესურსების, საბანკო სექტორისა და მობილური ოპერატორების სფეროში.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მსხვილი რუსული კომპანიები და ცალკეული პირები დაკავშირებული არიან საქართველოსთან.
კვლევაში ასევე წერია, რომ რუსული ბიზნესის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ შემომწირველთა შორის არიან და სახელმწიფო ტენდერებს გამარტივებული წესით იგებენ.
კვლევაში საუბარია პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრის ფრიდონ ინჯიას მფლობელობაში არსებულ კავშირგაბმულობის კომპანიებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ეს კომპანიები დაკავშირებული არიან ციფრული სერვისების პროვაიდერ კომპანია „როსტელეკომთან“.
“ის ფლობს ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის თითქმის 25%-ს. რა თქმა უნდა, ამ ბაზარზე ყოველწლიურად მცირდება მომხმარებლების რაოდენობა და სულ რაღაც 240 000 ადამიანია საქართველოში დარჩენილი, თუმცა საკმაოდ დიდი წილია მისი და მასთან დაკავშირებული კომპანიებისა, მაგალითად, ინტერნეტის სფეროშიც“, – აცხადებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი ანტონ ვაჭარაძე.
კვლევაში ასევე განხილულია სასარგებლო წიაღისეული და მინერალური წყლების საკითხი. ორგანიზაციამ კვლევის ამ ნაწილში 3000-ზე მეტი კომპანია შეისწავლა. მათგან კი გამოიკვეთა ისეთი კომპანიები, რომელთაც გარკვეული კავშირები აქვთ რუსეთის ბიზნესთან. ერთ-ერთი მათგანია კომპანია „მისქორი.“
„კომპანია „მიქსორის“ ერთ-ერთი მეწილეა Keystone Investments. ამ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელია რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი თემურ ანჩაბაძე. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მას აქვს საკმაოდ მჭიდრო კავშირები რუსეთში. რუსეთში მას აქვს კომპანია „სეგი.“ მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომ ეს კომპანია უკვე 17 წელიწადზე მეტია თანამშრომლობს ნავთობისა და გაზის სხვადასხვა კორპორაციასთან. მათ შორის „გაზპრომთანაც“. ასევე მნიშვნელოვანია, რომ Keystone Investments-ის ერთ-ერთი მეწილე არის გიორგი პერტაია, რომელიც წლების განმავლობაში „ქართუ“ ფონდის წევრი იყო“, – ამბობს ორგანიზაციის ანალიტიკოსი მარიამ გოგიაშვილი.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს რუს მილიარდერ მიხაილ ფრიდმანზე, რომელიც საქართველოში მინერალურ წყალს „ბორჯომსა“ და კავშირგაბმულობის კომპანია „ბილაინს“ ფლობს.
„მიხაილ ფრიდმანს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. წლების განმავლობაში ამერიკას იგი პუტინთან დაახლოებული ოლიგარქების სიაში ჰყავდა შეყვანილი. ის საქართველოში ფლობს კომპანიებს „ბორჯომსა“ და „ბილაინს. კვლევამაც აჩვენა, რომ საბიუჯეტო სახსრებს იღებს გამარტივებული შესყიდვების სახით“, – განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიებების ლაბორატორიის მკვლევარმა სოფო გელავამ.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეკონომიკური სექტორის დივერსიფიცირება უნდა მოახდინოს იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებული აღარ იყოს.
მარიამ ქუხილავა