მთავარი სპორტი თოვლზე მფრინავი აკრობატები ბაკურიანში

თოვლზე მფრინავი აკრობატები ბაკურიანში

ბაკურიანში ფრისკი და სნოუბორდის სლოუფსთაილის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა

ბაკურიანმა მფრინავ აკრობატებს უმასპინძლა, რომლებმაც გულშემატკივარს ექსტრემალური და თავბრუდამხვევი სანახაობა შესთავაზეს.   ეს მსოფლიო დონის შეჯიბრება იყო – ბაკურიანში ფრისკისა და სნოუბორდის სლოუფთსაილის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა.

პირველ დღეს, 5 მარტს, ფრისკი სლოუფსთაილის მსოფლიო თასის ეტაპის ფინალი შედგა. შეჯიბრება წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მიეძღვნა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა აეკრძალათ. ფრისკი სლოუფსთაილის მსოფლიო თასის ეტაპზე მონაწილეობა ოთხმა ქალმა და ათმა მამაკაცმა მიიღო. მამაკაცებში პირველობა ანდრი რაგეტლიმ დაისაკუთრა.  შვეიცარიელი ფრისკიერი ბაკურიანში გამარჯვებით, მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაშიც პირველ ადგილზე გადავიდა. ქალთა თანრგიში კი გამარჯვებული კანადელი მეგან ოლდჰემი გახდა.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს სრიალი მოვახერხეთ. ქარის მხრივ, ცოტა რთული პირობები იყო. მიხარია, რომ პირველივე გამოსვლაზე შევძელი და დავდე კონკრეტული შედეგი და ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენე. აქ დრო კარგად გავატარე”, – ამბობს ფინალური ეტაპის გამარჯვებული მეგან ოლდჰემი.

“დღეს ჩემი გამოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ძლიერი ქარის გამო, რთული პირობები იყო. თუმცა, აქ საქართველოში გამარჯვება მაინც შევძელი, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა საქართველოს ამ შესანიშნავი მსოფლიო თასის ეტაპის ჩატარებისთვის”, – თქვა ანდრი რაგეტლიმ.

ბაკურიანში გამართულმა შეჯიბრებამ ქართველ ფრისკიერებს, ნიკა ელოშვილსა და ლუკა ჩოფიკაშვილს, მსოფლიო თასზე პირველად გამოსვლის შანსი მისცა. ქართველმა მოთხილამურეებმა ბაკურიანის ტრასაზე ქულები დააგროვეს და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს.

“ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო, რომ ეს შეჯიბრება საქართველოში ტარდება. ნაცნობი გარემო არის. მეგობრებისგან და მაყურებლებისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ამასთანავე, მეტ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ. რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას, რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ უკრაინას. ჩემი უკრაინელი მეგობრები, რომლებიც მოთხილამურეები არიან და დღეს აქ უნდა იყვნენ, ახლა ომში არიან. რა თქმა უნდა მათ ყოველთვის მხარში დავუდგები”, – ამბობს ნიკა ელოშვილი.

“პირველ რიგში, როცა ნაკრები დაარსდა, არც მქონდა წარმოდგენილი, რომ ამხელა ღონისძიებას გავმართავდით. შარშან საზღვარგარეთ დავიწყეთ ინტენსიური ვარჯიშები. ორი მოთხილამურე ვართ და ორივემ შევძელით, რომ ამ მსოფლიოზე გამოვსულიყავით. ჩვენთვის პირველი მიზანი სწორედ ეს იყო. შემდეგი მიზანი კი მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაა”, – განაცხადა ქართველმა სპორტსმენმა ლუკა ჩოფიკაშვილმა.

ფრისკიერების შემდეგ 6 მარტს, ტრასა სნოუბორდერებმა დაიკავეს. სნოუბორდ სლოუფსთაილის მსოფლიო თასის ეტაპზე ბაკურიანში 19-მა გამორჩეულმა ათლეტმა იასპარეზა, მათ შორის იყო ქართველი ჯაბა სხვედიანი. ქალთა შორის გამარჯვება კვლავ კანადელებს დარჩათ, ლორი ბლუონმა შესანიშნავად იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა, კაცებში კი გერმანელმა ლეონ ვოკენშპერგერმა აჯობა ყველას. ორივე ათლეტმა პირველობა საერთო ჩათვლაშიც მოიპოვა და ყვითელი მაისურიც დაიმსახურა.

რთული იყო ეს დღეები შეჯიბრების  ორგანიზატორებისათვის, და რთული იყო ამ დღეებში ასპარეზობაც. ყოველდღიურად მძიმე ამბების ფონზე ომის ხაზიდან,  პანდემიისა და  უამინდობის მიუხედავად, ბაკურიანმა შეჯიბრებას მაღალ დონეზე უმასპინძლა. მძიმე მოსამზადებელი პერიოდის შედეგად მიღებულმა გამართულმა ტრასამ მსოფლიოს საუკეთესო ათლეტებს უმასპინძლა.

ბაკურიანში გამართული მსოფლიო თასის წარმატება საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს:

„საორგანიზაციო კომიტეტს ამინდმა ხელი არ შეუწყო. თოვდა და ქარი იყო. მიუხედავად ამისა, მსოფლიო თასი მაღალ დონეზე ჩატარდა და მოსამზადებელ პროცესში გამოჩენილმა ძალისხმევამ ჩვენზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამისათვის საორგანიზაციო კომიტეტს მადლობას ვუხდი. აქ პირველად ვარ და ეს ძალიან კარგი ადგილია, ამ მთებს დიდი პოტენციალი აქვს. შემდეგ წელს აქ უმნიშვნელოვანესი ტურნირი, სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი, ჩატარდება. ამისათვის კი ყველაფერი იდეალურად უნდა გაკეთდეს. კარგია, რომ საქართველო მსოფლიო დონის ტურნირებს ასეთი მოტივაციითა და შემართებით მასპინძლობს,” – განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მიშელ ვიონმა.

დიდი შეჯიბრებების ჩასატარებლად შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო. კომპანია „სილქნეტი“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციას დაარსების დღიდან უჭერს მხარს, რის შედეგადაც, საქართველომ უკვე არაერთხელ უმასპინძლა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართულ პრესტიჟულ ტურნირებს, რომლებშიც თავის გამოჩენის შესაძლებლობა ქართველ სპორტსმენებსაც ეძლევათ.

ამით ბაკურიანში 2022 წლის საერთაშორისო შეჯიბრებები დასრულდა. წინ კი მთავარი გამოწვევა –  2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილში.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend