მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში - მე -11 დღე

ომი უკრაინაში – მე -11 დღე

უკრაინის ომის ქრონიკა –  დაწყებიდან 5 მარტმადე.

24 თებერვალი ყველაზე მძიმე დღე მსოფლიოს უახლეს იასტორიაში. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში ფართომაშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. დაიწყო ომი. პირველივე დღეს, აფეთქების ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვში, კრამატორსკსა და აღმოსავლეთით მდებარე დონეცკის რეგიონში. რუსი სამხედროები შევიდნენ საპორტო ქალაქ ოდესაში. მოსახლეობა უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში მეტროსადგურებს აფარებდა თავს. კიევმა გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა მოსკოვთან.

25 თებერვალს  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვით უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიოს გააგებინა, რომ არსად წასულა,  კიევშია ისიც, მისი მთავრობაც და მისი მრჩევლებიც, იმის მიუხედავად რომ  სწორედ ის არის რუსული არმიის ნომერ პირველი სამიზნე. ამ დროს რუსული არმია უკვე კიევის შემოგარენში იყო. მოსკოვი უკვე სადესანტო ძალებით მოქმედებდა და ჯავშანტექნიკას პარაშუტების საშუალებით სხვადასხვა ადგილზე გადაისვრიდა.  ამ დღეს  რუსეთმა  კიევში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამერიკის პრეზიდენტი კი აცხადებდა, რომ მოსკოვს ეს არ შერჩება.

26 თებერვალს  მთავრობა უკრაინის მოქალაქეებს  უკვე მოუწოდებდა, რომ აეღოთ იარაღი და დაეცვათ ქვეყანა. კიეველებმა მოლოტოვის კოქტეილების დამზადება დაიწყეს, დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვში კი, სადაც რუსულ რაკეტებს ჯერ  არ მიუღწევია, მოსახლეობამ ტომბრებით, საბურავებითა და ცემენტით ბარიკადების აშენება დაიწყო.  უკრაინაში მოსკოვის ინტერვენციის ფონზე ვაშინგტონმა, ლონდონმა და ბრიუსელმა რუსულ ბანკებს, კომპანიებს, რუს მეწარმეებს და რუს სახელმწიფო მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სანქციები დაუწესა.

27 თებერვლიდან  უკრაინის დასავლეთ საზღვრებს ასიათასობით დევნილი მიაწყდა. ისინი  დღემდე გადადიან მეზობელ პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და მოლდოვაში. მხოლოდ პოლონეთის საზღვარზე 20 კილომეტრიანი რიგი დგას. ამ დღეს გადაწყდა პოლონეთიდან და ჩეხეთიდან ქვეყანაში შეიარაღების შეტანა,  მოსკოვიდან კი კვლავ მუქარა ისმოდა. ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიის სტრატეგიული შეკავების ძალების საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა. დასავლეთმა კი „სვიფტის“ საფინანსო სისტემიდან რუსული ბანკების გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო.

28 თებერვალს  რუსეთი ინტენსიურად ბომბავდა ხარკოვს, ქალაქ გომელში კი პირველი მოლაპარაკება გაიმართა  მოსკოვსა და კიევს შორის. ამ შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ მოუტანია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეორედაც შეხვდებოდნენ. ბრიუსელში  ამ დღეს გადაწყვიტეს, რომ პირველად ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ეს გაერთიანება ნახევარ მილიარდ ევროს გაიღებდა სხვა ქვეყნისთვის, ანუ უკრაინისთვის,  შეიარაღების შესაძენად. ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ   ხელი მოაწერა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

პირველი მარტს მოსკოვმა გააძლიერა შეტევები საცხოვრებელ რაიონებზე.   მოსკოვმა დაბომბა კიევის ანძა. ამ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა,  უკრაინული სატელევიზიო არხების მაუწყებლობა კი შეჩერდა. ხარკოვში რუსულმა ბომბებმა გაანადგურეს ერთ-ერთი მთავარი მოედანი.  ამავე დღეს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას კი ევროკავშირის საკანონდებლო ორგანოს წევრები ტაშით შეხვდნენ.

2 მარტი – უკვე მილიონზე მეტმა  დევნილმა დატოვა უკრაინა. ქვეყანაში გაიზარდა  შიდა მიგრაცია. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში განაცხადეს, რომ ეს იქნება  მიგრანტთა ყველაზე მასშტაბური კრიზისი ბოლო  ას წელიწადში.  ამასობაში, გაერომ მიიღო ისტორიული რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.  ხარკოვში რუსი მედესანტეები გადასხეს, რუსულმა რაკეტამ ამ ქალაქში ოცზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა ერთი დარტყმით.

3 მარტს უმაღლესმა რადამ გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს  უკრაინაში სამშვიდობიების შეყვანა და ამ ქვეყნის ფრენისგან თავისუფალ ზონად გამოცხადება სთხოვა. ეს თხოვნა დღემდე არ შესრულებულა. ამ დღეს ასევე ცნობლი გახდა, რომ  რუსულ მხარეს უკრაინაში იარაღი შეჰქონდა სასწრაფო დახმარების ავტომობილებით.    მოსკოვსა და ბელარუსს შორის  მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი შედგა, ერთადერთი რაზეც მხარეები შეთახნმდენ- ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობაა.

4 მარტი – მოსკოვმა დაბომბა    ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური, ზაპოროჟიეში. საბედნიეროდ დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძარი მალევე  ჩააქრეს. რუსული არმიის 64 კილომეტრიანი კოლონა კვლავ კიევისკენ მიემართება. რუსულმა არმიამ აიღო სამხრეთ უკრაინული ქალაქი ხერსონი სადაც ჰუმანიტარული კრიზისია, ქალაქში საკვები ილევა.

5 მარტი- უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის რეგიონიდან საევაკუაციო მარშრუტზე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, რის გამოც ევაკუაცია გადაიდო – ანუ  ჰუმანიტარული დერეფნის დაპირებაც ვერ შესრულდა.  ომის დაწყებიდან ამ დღემდე რუსეთის შეარეღებულმა ძალებმა უკრაინაში იერიში 2037 სამხედრო ობიექტზე მიიტანეს. ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა თითქმის განადგურდა, საჰაერო თავდაცვის ლიკვიდაცია კი მისი თქმით პრაქტიკულად დასრულებულია.

ომის ფონზე მთელს მსოფლიოში სოლიდარობის აქციები იმართება. სამხრეთ ამერიკიდან შორეულ აღმოსავლეთამდე, ძალიან ბევრ ქვეყანაში მოსახლეობა რუსეთის აგრესიას აპროტესტებს.

დემონსტრაციები იმართება რუსეთის სამოცამდე ქალაქშიც. სოლიდარობას გამოხატავს მოსახლეობა საქართველოშიც.

აქციები ყოველდღიურად იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. სოლიდარობისთვის მადლობა  უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას პირადადაც გადაუხადა. ამ დრომდე ამ ომს კიევის ცნობით, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის ასამდე ბავშვი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend