მთავარისპორტიბაკურიანმა ფრისკი სლოუფსთაილის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლა

ბაკურიანმა ფრისკი სლოუფსთაილის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლა

ბაკურიანი ფრისკი სლოუფსთაილის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლა. უამინდობის გამო 3 და 4 მარტს საკვალიფიკაციო ეტაპი გაუქმდა, თუმცა 5 მარტს ფინალური ეტაპი გაიმართა.

თასის ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს გამორჩეულ სპორტსმენებთან ერთად, ქართველმა სპორტსმენებმაც იასპარეზეს. ქალთა თანრიგში ოქროს მედალი მეგან ოლდჰემმა მოიპოვა.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს სრიალი მოვახერხეთ. ქარის მხრივ, ცოტა რთული პირობები იყო. მიხარია, რომ პირველივე გამოსვლაზე შევძელი და დავდე კონკრეტული შედეგი და ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენე. აქ დრო კარგად გავატარე”, – ამბობს ფინალური ეტაპის გამარჯვებული მეგან ოლდჰემი.

მამაკაცთა შორის გამარჯვებული შვეიცარიელი სპორტსმენი ანდრი რაგეტლი გახდა და საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გადავიდა.

“დღეს ჩემი გამოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ძლიერი ქარის გამო, რთული პირობები იყო. თუმცა, აქ საქართველოში გამარჯვება მაინც შევძელი, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა საქართველოს ამ შესანიშნავი მსოფლიო თასის ეტაპის ჩატარებისთვის”, – ამბობს შვეიცარიელი სპორტსმენი.

ფრისკი სლოუფსთაილის მსოფლიო თასის ეტაპზე საქართველოს სახელით ორმა სპორტსმენმა ნიკა ელოშვილმა და ლუკა ჩოფიკაშვილმა იასპარეზა.

“ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო, რომ ეს შეჯიბრება საქართველოში ტარდება. ნაცნობი გარემო არის. მეგობრებისგან და მაყურებლებისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ამასთანავე, მეტ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ. რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას, რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ უკრაინას. ჩემი უკრაინელი მეგობრები, რომლებიც მოთხილამურეები არიან და დღეს აქ უნდა იყვნენ, ახლა ომში არიან. რა თქმა უნდა მათ ყოველთვის მხარში დავუდგები”, – ამბობს ნიკა ელოშვილი.

“პირველ რიგში, როცა ნაკრები დაარსდა, არც მქონდა წარმოდგენილი, რომ ამხელა ღონისძიებას გავმართავდით. შარშან საზღვარგარეთ დავიწყეთ ინტენსიური ვარჯიშები. ორი მოთხილამურე ვართ და ორივემ შევძელით, რომ ამ მსოფლიოზე გამოვსულიყავით. ჩვენთვის პირველი მიზანი სწორედ ეს იყო. შემდეგი მიზანი კი მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაა”, – თქვა ქართველმა სპორტსმენმა ლუკა ჩოფიკაშვილმა.

6 მარტს კი სამთო-სათხილამურო კურორტი სნოუბორდ სლოუფსთაილის მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend