ყოველ შუადღეს პრაღიდან პოლონეთისა და უკრაინის საზღვრამდე მატარებელი დადის, რომელსაც მგზავრებთან ერთად ჰუმანიტარული ტვირთი გადააქვს. მგზავრთა უმეტესობა უკრაინელია, სამშობლოში საომრად ჩადიან. უკანა გზაზე კი მატარებელს დევნილი ქალები და ბავშვები ომიდან შორს, პრაღამდე ჩაჰყავს.
გაეროს სპიკერის სტეფან დუჟარიკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ იციან იძულებით გადაადგილებულთა ზუსტი რაოდენობა, მათი ვარაუდით, თუ ძალადობა გაგრძელდება, 10 მილიონზე მეტი ადამიანი დატოვებს საკუთარ სახლს. მისი თქმით, 4 მილიონი ლტოლვილი მეზობელ ქვეყნებში გადავა.
საბრძოლო მოქმედებებს გაქცეული ზოგი ადამიანი ქვეყნის დასავლეთში, ლვოვში, ჩადის, საიდანაც პოლონეთის საზღვარი 80 კილომეტრშია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საზღვარზე რასისტულად განარჩევენ ადამიანებს – მხოლოდ თეთრკანიან ლტოლვილებს ატარებენ.
სტეფან დუჟარიკი აცხადებს, რომ გენერალური მდივანი შოკირებულია იმ არაერთი შეტყობინების გამო სხვადასხვა რასის დევნილის შესახებ, რომლებიც ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, თუმცა რასიზმის, ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. მისი თქმით, გენერალური მდივანი მოუწოდებს რეგიონში ყველა ქვეყნის მთავრობას, შეებრძოლონ რასიზმისა თუ ქსენოფობიის ნებისმიერ გამოვლინებას.
პოლონელი მესაზღვრეები და მოხალისეები უკრაინელ ლტოლვილებს ხვდებიან. ბოლო ინფორმაციით, პოლონეთში ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინელი გადავიდა.
სლოვაკეთისა და უკრაინის საზღვარზეც ხალხმრავლობაა. არსებული ინფორმაციით, საზღვარი 80 000 უკრაინელმა გადალახა.
ლტოლვილების მიღება დაიწყეს მოშორებით მდებარე ქვეყნებშიც, მაგალითად, იტალიაში. უკრაინის ქალაქ ტერნოპოლიდინ რომში დაახლოებით 80 უკრაინელი ლტოლვილი ავტობუსით ჩავიდა.