საქართველომ ევროკავშირს ბლოკში გაწევრიანების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კი ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა არ წყდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ექნება იმაზე, რომ უნდა შესრულდეს შარლ მიშელის დოკუმენტის ვალდებულებები.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშელის დოკუმენტის ვალდებულებები უნდა შესრულდეს, ამაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ევროკავშირის. სასამართლოსთან კანონის უზენაესობასთან მიმართებით უნდა შესრულდეს და რეალურად, თუ არ იქნება რეფორმები, ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც განაცხადი და მეტი არაფერი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.
მმართველ პარტიაში კი იმედოვნებენ, რომ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დაჩქარებული პროცედურით იმსჯელებენ.
„იცით, რომ განაცხადი შეიტანა მოლდოვამ და უკრაინამაც, ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ საქართველო ასოცირების დღის წესრიგის და შესრულების კუთხით, გახლავთ ლიდერი ამ სამეულში. გვაქვს მოლოდინი, ამ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე, ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით. საერთო ჯამში მთავარია, ჩვენ მივყვეთ ასოცირების შეთანხმებას, მთავარი შედეგი ჩვენი მოსახლეობისთვის არის, არა იმდენად ფორმალური ნაწილი სტატუსისა, არამედ შინაარსობრივი ნაწილი ევროპულობისა, სწორედ ამას მისდევს „ქართული ოცნების“ გუნდი და პარლამენტი“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია. კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს ევროკავშირის წევრობის უფლების ავტომატურ მოპოვებას.
ანა ალელიშვილი