უკრაინაში რუსული ინტერვენციის მეცხრე დღეს, დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა ისმის. რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე შეთანხმებას ჰუმანიტარული კორიდორის შექმნის შესახებ მიაღწიეს.
უკრაინიდან დევნილების რაოდენობამ უკვე ერთ მილიონს გადააჭარბა. გუშინ, 3 მარტს ღამით კი უკრაინელი მეხანძრეები ევროპის კონტინენტზე უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს ებრძოდნენ.
„არაფერი მაქვს სათქმელი, ეს საშინელებაა, წარმოუდგენელია. შეხედეთ აქ რა ხდება, ეს საცხოვრებელი სახლებია, ჩემი მეგობრის ოჯახი ცხოვრობდა აქ, მადლობა ღმერთს რომ ცოცხლები არიან“, – ამბობს ჩერნიჰივის მკვიდრი.
უკრაინის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა განცხადებით, კიევთან ახლოს მდებარე ჩერნიჰივში, რუსული არმიის შეტევის შედეგად 33 მოქალაქე დაიღუპა. სამაშველო სამსახურის წევრები დაჭრილთა ნანგრევებიდან ამოყვანას ვერ ახერხებენ რადგან დაბომბვა გრძელდება.