მთავარისაქართველოსაქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანა და შეფასებები

საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანა და შეფასებები

საზოგადოებრივი პროტესტის, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების მოთხოვნის შემდეგ, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბა, იმსჯელა და განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, ახალი გადაწყვეტილება მიიღო.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ორ მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამ მარტს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს შეიტანს და ევროგაერთიანების სტრუქტურას დაჩქარებული წესით თხოვს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველომ მოცემულობიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.

„როდესაც მსოფლიოში, რეგიონში ფორსმაჟორული სიტუაცია იქმნება, რასაკვირველია, ევროკავშირის ფინანსური, პოლიტიკური, სტრატეგიული და თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, დახმარების საკითხი პრივალირებს იმ სტანდარტებს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შემდეგ ევროკავშირის სრული წევრობის გზას განაპირობებს და აყალიბებს.

ეს პრაქტიკა არ არსებობდა და აქედან გამომდინარე, წინასწარ იმის თქმა, თუ რამდენად სწრაფად იქნება ეს გაკეთებული, რასაკვირველია, ძნელია. ასეთი ფორსმაჟორული და ტრაგიკული სიტუაციაც მსოფლიოს წინაშე არ მდგარა. მუშაობა და ერთიანობაა საჭირო.

როდესაც სიტუაცია იქმნება ისეთი, რომ შენს უსაფრთხოებას რაღაც გარკვეული და მნიშვნელოვანი პრობლემები უჩნდება, რასაკვირველია, ევროკავშირის ქოლგა რაც შეიძლება ადრე უნდა გაიშალოს საქართველოს თავზე“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ამ ისტორიულ ნაბიჯს მიესალმება ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა. ამასთან, მოუწოდებენ ხელისუფლებას დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას. მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებრივი და პოლიტიკური წნეხის შედეგად მიიღო და ახლა მთავარია სწორი რეფორმების სასწრაფოდ განხორცილება.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რა თქმა უნდა, კარგია, რომ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთოს, მაგრამ გზა აქედან რაიმე სახის პოზიტიურ შედეგებამდე არის საკმაოდ გრძელი და დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა იმის ჩვენებას, რომ მართლაც ევროპული განვითარების გზა აქვს არჩეული. მიმაჩნია, რომ მხოლოდ განაცხადის შეტანა თავისთავად, არაფერს ნიშნავს მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ გადის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმებული დოკუმენტიდან. ამიტომ, ალბათ სწორი იქნებოდა, რომ დღეს მათ გამოაცხადონ, რომ ბრუნდებიან მიშელის შეთანხმებაში და დაუყოვნებლივ იწყებენ ყველა ვალდებულების შესრულებას“,-განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების მზაობას მიესალმება. სამოქალაქო სექტორი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ასევე, ითხოვენ ხელისუფლებაში საგანგებო სტრუქტურა შეიქმნას, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს, პროცესის სახე კი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა გახდეს. არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია ჟურნალისტებს „ღია საზოგადოების ფონდის“ დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გააცნო.

„პირველი, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, ის უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას, ასევე, უკრაინასთან ხელისუფლების მხრიდან ურთიერთობა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. ამასთან, ჩვენ თუ განაცხადს ვაკეთებთ და ამ გზაზე ვდგებით, ეს უნდა გავაკეთოთ ერთად ე.წ. ტრიომ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ. სამივე ვართ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, გვაქვს ოკუპირებული მიწები. ასევე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი დღესვე უნდა დაიწყოს. საჭიროა, შეიქმნას საგანგებო სტრუქტურა ხელისუფლებაში, რომელიც ამაზე იმუშავებს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაზე მისაღებია ამ პროცესის სახე, საქართველოს პრეზიდენტი გახდეს. შესაძლოა, მისმა ოფისმა სრულად ვერ წარმართოს ეს საქმიანობა, მაგრამ სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შექმნილი საგანგებო სტრუქტურა უნდა დაეხმაროს პრეზიდენტს ამ ფუნქციის განხორციელებაში. ყველას გვესმის, რომ ჩვენი პრეზიდენტი ყველაზე უფრო მისაღები ფიგურაა საქართველოს ხელისუფლებიდან ევროპისთვის. ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, გამოვუცხადო სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

ორი მარტის გადაწყვეტილებამდე, მმართველი პარტია მიიჩნევდა, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობისთვის მზად არ არის და 2024 წლამდე განაცხადის შეთანას არ აპირებდა.

ალეკო გვეტაძე

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend