უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოში არაერთი პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მოქალაქეებს პირველადი საჭიროების ნივთები მიაქვთ. ერთ-ერთი ასეთი პუნქტი, თბილისში, ათონელის 29-ში მდებარეობს. მოხალისეების მიერ შეიქმნა ვებგვერდი და ფესიბუკგვერდიც (helpukraine.ge), რომლის მეშვეობით დახმარების მსურველებს კონკრეტული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
„უკრაინელი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას თბილისში, ქუთაისში და ბათუმში აგროვებენ. ცენტრალიზილება რომ მოვახდინოთ ყველაფრის, ჩვენ შევქმენით გვერდი ფეისბუკზე, helpukraine.ge. ფუნქციონირებს ჩატბოტი, რომელიც ქართულ ან ინგლისურ ენაზეა, მისი დახმარებით შეძლებთ ზუსტი ინფორმაციის მიღებას სად უნდა მიიტანოთ პროდუქტი“, – ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი სერგიი ბილიი.
ამავე ვებგვერდზე მიიღებთ ინფორმაციას რას საჭიროებს ახლა ყველაზე მეტად უკრაინელი ხალხი.
იმ უკრაინელების დასახმარებლად კი, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და სამშობლოში გამგზავრებას ვერ ახერხებენ, კიდევ ერთი ვებ-გვერდი – mapahelp.me ფუნქციონირებს.
სერგიი ბილიის თქმით, – „პირველ რიგში, სამედიცინო პრეპარატებია საჭირო, სისხლის შემჩერებელი, სამედიცინო ლახტი, პრობლემა არის ინსულინზე, გლუკოზაზე, ფიზიკურ ხსნარებზე საწვეთურებისთვის.
რაც შეეხება ტანსაცმელს, ძალიან ბევრი მოაქვთ ბავშვებისთვის და ქალებისთვის და ცოტა კაცებისთვის. ძალიან დიდი საჭიროებაა თერმოთეთრეულის.
რაც შეეხება კვების პროდუქტებს, პირველ რიგში, საჭიროა მშრალი საკვები, არავითარი მინა, კონსერვები და მითუმეტეს ალკოჰოლი“
კიდევ ერთი მისამართი სადაც დახმარების მსურველებს შეუძლიათ საჭირო ნივთები მიიტანონ, ფალიაშვილის 60-ია.
ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი საქართველოდან 6 მარტს გაფრინდება.
გარდა პირველადი საჭიროების ნივთებისა, ადგილობრივები უკრაინაში ბავშვების მიერ დაწერილ მხარდამჭერ წერილებსა და ნახატებს აგზავნიან.