როგორია საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები – სწორედ ეს იყო ის საკითხი, რაზეც დღეს, 1 მარტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
საქართველოში 7 ათასზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის კომპანია ან რუსეთის მოქალაქეა.
„ბოლო წლებში იმატებდა რუსული კომპანიების რეგისტრაცია საქართველოში. 1995-დან 2012 წლამდე თუ დარეგისტრირდა 1230 კომპანია, ბოლო 7 წელიწადში არის დარეგისტრირებული 5500 კომპანია ახალი. მათ შორის, რეკორდული იყო 2018 წელი, ერთ წელიწადში დარეგისტრირდა 1200 კომპანია. 1995 წლიდან 2012 წლამდე, 17 წლის განმავლობაში რაც დარეგისტრირდა, ერთი იმდენი მხოლოდ 2018 წელს დარეგისტრირდა“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ უფროსმა ანალიტიკოსმა, ბესიკ ნამჩავაძემ.
კვლევაში რამდენიმე საკითხზე იყო ყურადღება გამახვილებული, მათ შორის, საუბარი იყო ვაჭრობაზეც. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების კვლევის შედეგების თანახმად, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა და 610 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის მაჩვენებელზეც მეტია. კვლევის მიხედვით, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ისევ ღვინის ექსპორტი გამოირჩეოდა. ასევე კვლევაში აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც 2020 წელს პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა, 2021 წელს იგი კვლავ გაიზარდა, თუმცა 2019 წლის დონემდე ჯერ მაინც არ მიუღწევია ტურიზმის დაბალ დონეზე შენარჩუნების გამო. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან რუსეთმა პოლიტიკური მიზნებით არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.
„ის, რომ შესაძლებელია ამის დივერსიფიკაცია, ის, რომ შესაძლებელია, მაგალითად, ხორბალი შემოვიტანოთ სხვა ქვეყნებიდან და ბევრი ქვეყანაა, რომელიც მას აწარმოებს, ეს არის უპრობლემო და მარტივად გადასაწყვეტი საკითხი, მთავარია ის, რომ იყოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე და ამ მიმართულებით აუცილებელია, რომ დღესვე უკვე დაიგეგმოს კონკრეტული ნაბიჯები. დღესვე იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არის სერიოზული საფრთხე ყველა ქვეყნისთვის, ყველა განვითარებული ქვეყნისთვის, ყველა მეზობელი ქვეყნისთვის და, შესაბამისად, მათზე დამოკიდებულება არის ფაქტობრივად დანაშაული და არ არის სწორი“, – აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს.
ანა ალელიშვილი