UNWTO-ს გენერალური მდივანი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთს წევრობა შეუჩერონ – ამის შესახებ ზურაბ პოლოლიკაშვილი ტვიტერში წერს.
„რუსეთის სამხედრო აგრესია, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ადამიანების, მშვიდობიანი მოქალაქეების გაუბედურებას იწვევს და მთელ მსოფლიოს უქმნის საფრთხეს.
აღნიშნული ქმედებები UNWTO-ს ფუნდამენტურ მიზნებს ეწინააღმდეგება.
როგორც UNWTO-ს გენერალური მდივანი, ჩემი მოვალეობაა მოვუწოდო ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებს: შეუჩერდეს რუსეთის ფედერაციას წევრობა UNWTO-ს წესდების შესაბამისად“, – წერს UNWTO-ს გენმდივანი.
UNWTO გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაა, რომელიც 158 წევრ ქვეყანასა და ტერიტორიას აერთიანებს. თუ ორგანიზაციიდან რუსეთს გარიცხავენ, ეს იქნება გაეროს სააგენტოებს შორის პირველი შემთხვევა.