მთავარისაქართველოუკრაინელების ბრძოლა თავისუფლებისთვის

უკრაინელების ბრძოლა თავისუფლებისთვის

"უკრაინელები ასეთები არიან. როდესაც ყველაზე ცუდად გრძნობენ თავს, მაშინაც ამბობენ რომ კარგად არიან და ასეც იქნებიან."

„უპასუხებს თუ არა ტელეფონს“…  „ნეტა როგორ არის“… „იმედია ცოცხალია“… – ამ ფიქრებით იღებენ თავიანთ ტელეფონს საქართველოში მცხოვრები უკრაინელები და ახლობლების ნომრებზე რეკავენ. მერე, ოცნებობენ, რომ მალე უპასუხონ. ან საერთოდ – უპასოხონ. ევრონიუს ჯორჯიას საქართველოში მცხოვრები უკრაინელები უყვებიან, რომ უკრაინაში მცხოვრები მათი ოჯახის წევრები თუ მეგობრები, ღირსეულად დგანან, რადგან იციან, რისთვის იბრძვიან – თავისუფლებისთვის.

თბილისში მცხოვრები უკრაინელი კატერინა კოზაკი დედას რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდა. ახლა კი როგორც იქნა ზარი გავიდა, აი რამდენიმე წამში გაიგებს, რომ ქალაქში განგაშის სირენები ჩაირთო  და დედა, მამასა და კატერინას 87 წლის ბაბუასთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ბუნკერში იმალებოდა. სწორედ ამიტომ ვერ პასუხობდა შვილს, რომელიც თბილისიდან უკრაინაში განუწყვეტლივ რეკავდა.

კატერინა კოზაკი 4 წელია რაც საქართველოში ცხოვრობს. იგი როვნოს ოლქის ქალაქ ოსტროგიდანაა. სწორედ იქ არის ახლა მისი ოჯახი. დედა, მამა – რომელიც ყოფილი სამხედროა და შესაძლოა მალე ომში გაიწვიონ და 87 წლის ბაბუა. კატერინა ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები არ ნერვიულობენ, რადგან რაც უნდა უცნაური სათქმელი იყოს, მათ იციან როგორ მოიქცნენ ომში.

„ჩემი 87 წლის ბაბუა ყველაზე მშვიდი ადამიანია ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. ახლაც ინარჩუნებს სიმშვიდეს. ის მეორე მსოფლიო ომსაც მოესწრო და მას შემდეგ კიდევ ათას რამეს… როცა ვლაპარაკობთ მეუბნება, რომ მის სახლს არ დატოვებს. და თუ მისი სიკვდილის დრო მოვიდა, ის მზადაა მის მიწაზე მოკვდეს“, – კატერინა კოზაკი

„ხელი უკრაინის პულსზე მიდევსო“ ამბობს ოქსანა კატრიჩი, რომელიც 3 წელია თბილისში ცხოვრობს და რომელსაც ოჯახის ყველა წევრი თუ მეგობარი უკრაინაში ჰყავს. მათგან ზოგი სახლში, ზოგი ბუნკერში, ზოგიც კი მეტროში იმალება. ოქსანას უყვებიან, რომ არსად წასვლას არა აქვს აზრი, რადგან ყველგან ისვრიან. და გზაში ყოფნას, ისევ თავშესაფარში ყოფნა ჯობს.

„როდესაც სოციალურ ქსელებს ვხსნი, ჩემი მეგობრების ძალიან სევდიან ფოტოებსა და ვიდეოებს ვხედავ. ისინი თავს მეტროს აფარებენ. ყვებიან თუ როგორ ათევენ ღამეებს მეტროებსა და ბუნკერებში. ვხედავ ფოტოებსა თუ ვიდეოებს, რომლებსაც ჩემი მეგობრები საკუთარ სახლებში იღებენ, მათ ფანჯრებთან კი ტყვიებს ისვრიან. ამ ხალხის შესახებ უბრალოდ კი არ მსმენია, ან გადმოცემით ვიცი, ისინი ჩემი მეგობრები არიან, ვისთან ერთადაც უამრავი დრო მაქვს გატარებული“,- ოქსანა კატრიჩი.

მარია მოსკალენკო ვერ ითვლის დღეში რამდენჯერ ურეკავს კიევთან ახლოს მცხოვრებ 74 წლის მამას. ახლა დედაქალაქის დაბომბვის შესახებ გაიგო და სასწრაფოდ ცდილობს მასთან დაკავშირებას. ხელები უკანკალებს და იმედი აქვს რომ უპასუხებს.

უპასუხა.

ამბობს რომ კარგად არის, მარიას არ სჯერა.

თუმცა გვიყვება, რომ უკრაინელები ასეთები არიან. როდესაც ყველაზე ცუდად გრძნობენ თავს, მაშინაც ამბობენ რომ კარგად არიან და ასეც იქნებიან.

მარია გვიყვება, რომ უკრაინაში პანიკა არ არის. ყველა მშვიდად და ორგანიზებულად მოქმედებს. ყველაზე დიდი რიგი სისხლის ბანკთანაა. იქ მოხალისეები არიან, ისინი ვისაც სურს სისხლით დაეხმაროს დაჭრილებს. ახალგაზრდები მოხუცების ქვეყნიდან გაყვანას ცდილობენ, თუმცა მათი უმეტესობა უარს ამბობს ქვეყნის დატოვებაზე.  ისევე როგორც, მარიას მამა.

„74 წლის მამაჩემი, რომელიც ავად არის, უარს გვეუბნება უკრაინის დატოვებაზე. ფიქრობს, რომ ყველა უკრაინელი, რომელსაც იარაღის ხელში დაჭერა ჯერ კიდევ შეუძლია, უნდა დარჩეს ქვეყანაში, უნდა იყოს გამოსადეგი და წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტებს.“ მარია მოსკალენკო

სახლში უკრაინიდან ჩამოტანილ ნივთებს ეძებდა და მიწა იპოვა. მისი ეზოდან წამოღებული მიწა, რომელიც 11 წლის წინ ჩამოიტანა საქართველოში.

ახლა ეს მიწა განსაკუთრებით ძვირფასია. ისე, როგორც არასდროს.

ამბობს, რომ ამ მიწაზე ახლა რუსი ჯარისკაცები დადიან. უკრაინის ქართული ლეგიონის მიერ გაწრთვნილი მარიას მეზობლები კი პატარ-პატარა პუნქტებს ქმნიან, მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებენ და მოხუცებს, ბავშვებს და საკუთარ მიწას იცავენ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend