მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

საქარველოს პარლამენტში მისულ დეპუტატებს სხდომათა დარბაზის ყველა შესასვლელი კარი დახურული დახვდათ. 25 თებერვალს, ოპოზიციის მოთხოვნითა და პრეზიდენტის განკარგულებით, რიგგარეშე სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინისა და საქართველოს ჰიმნების ფონზე, გასაჭირში მყოფი მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას და პრემიერ-მინისტრის მოსმენას აპირებდა. სხდომა მმართველი პარტიის დეპუტატების ბოიკოტის გამო ჩავარდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განცხადებები ფოიეში გააკეთეს.

„დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში, დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს ისტორიაში და არა მხოლოდ საპარლამენტო ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც ამ წუთებში კიევში რუსული დივერსიული ჯგუფები თავდაცვის ძალებს უტევენ, უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილებით შეაგროვა უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები და გადაწყვიტა, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა და პირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტის დარბაზი არ გაეღო. დღეს აქ საქართველოს და უკრაინის ჰიმნები უნდა გაგვეჟღერებინა და გვეთქვა მსოფლიოსთვის, რომ ჩვენც ოკუპირებულები ვართ, გვეთქვა, რომ უკრაინაში მიდის აგრესია“, – განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები ბრიფინგის ბოლოს დეპუტატებმა, მობილური ტელეფონიდან ჩართეს.

სხდომის ჩაშლის გადაწყვეტილება განმარტეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. კიევში არ ჩასვლის, უშიშროების საბჭოს სხდომის არ მოწვევის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის არ გამართვისა და რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების გადაწყვეტილების მიმღები პირები ამბობენ, რომ საქართველო უკრაინას სათანადო მხარდაჭერას უცხადებს.

„რა თქმა უნდა, არ მივალ. მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს. ჩვენ შეშფოთებით და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს, ეს ერთი და მეორე, უპასუხისმგებლობა, მავნებლობაა ის პოლიტიკა და ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ.  უსაფრთხოების საბჭოს გამართვა, პიარის და რაღაც შოუს დადგმა, ჩემი ხელწერა არ არის. მე საქმეზე და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე ვფიქრობ. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, რა თქმა უნდა, არა! მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე და არათუ მე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობა უკრაინის მხარდაჭერას ახლა საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელებისთვის სათანადო დახმარებაში ხედავს.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend