რუსეთის სადესანტო ძალებს მთელი სახელმწიფოს მასშტაბით, მათ შორის კიევის რაიონებში, უკრაინელი ჯარისკაცები ებრძვიან.
დედაქალაქის გარშემო და მიმდებარე ხიდებზე უკრაინელი ჯარისკაცები თავდაცვით ზღუდეებს აგებენ, მოსახლეობას კი იარაღი ურიგდება.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი კი აცხადებს, რომ მოსკოვისთვის ეგრეთ წოდებული SWIFT – ის სისტემიდან გამოთიშვა მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი ზომაა.
“ნათელია, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით გადაწყვეტილებების მისაღებად. ერთიანობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მოლაპარაკეკების საგანი გახლდათ, დანარჩენი კი უნდა შესაბამისი მომენტისათვის უნდა შევინახოთ“, – აცხადებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი კი მოსკოვში ეგრეთ წოდებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებს შეხვდა, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა,
“რუსეთი თქვენი სახელმწიფოს მეთაურების მომართვას დახმარების თხოვნით უყურადღებოდ ვერ დატოვებდა. ჩვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში პრეზიდენტმა პუტინმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა. მიზანი კი უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა, რათა უკრაინელი ერი განთავისუფლდეს“, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი დასავლეთის სახელმწიფოებს რუსული აგრესიის შეკავების მიზნით დამატებით ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, მისი თქმით აშკარაა, რომ სანქციები მოსკოვს ვერ აჩერებს. ვოლოდიმირ ზელენკის განცხადებით ის კიევში რჩება და რუსულ მხარეს მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს.
“დილის 4 საათზე მტერმა სარაკეტო თავდასხმა განაახლა. აცხადებენ, რომ სამოქალაქო ობიექტებს არ ესვრიან, მაგრამ ცრუობენ. სამოქალაქო პირები და სამხედროები მტრის თავდასხმის ქვეშ არიან. მათი მიზანი ჩვენი საზოგადოების წნეხის ქვეშ მოქცევაა“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
კიევის ქუჩები ცარიელია, რუსული ჯარები კი უკრაინას, ციდან და ხმელეთიდან სამი მიმართულებით უტევენ.