მთავარისაქართველოქართულ-უკრაინული სკოლა

ქართულ-უკრაინული სკოლა

41-ე საჯარო სკოლაში ქართველი და უკრაინელი მოსწავლეები გვერდიგვერდ სწავლობენ

თბილისის ცენტრში მდებარე 41-ე საჯარო სკოლა უკრაინელი პოლიტიკოსისა და ისტორიკოსის მიხეილ გრუშევსკის სახელს ატარებს. როგორც სკოლაში ამბობენ, ეს სასწავლებელი უკრაინულ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა თუ მასწავლებლებს სამშობლოსთან აერთიანებს.

სკოლაში 41 მასწავლებელია, მათგან ორი უკრაინიდანაა. ოქსანა ბელიავცევა – დონეცკიდან და ელენა ჰარკავენკო კიევიდან. ორივე საცხოვრებლად საქართველოში ოჯახის შექმნის შემდეგ გადმოვიდა. მერე კი თავიანთი ბავშვებისათვის აღმოაჩინეს  სკოლა, რომელმაც ერთმანეთი და მათი წილი, პატარა უკრაინა აპოვნინა.

„აქ ყველაფერი ჩემს სამშობლოსთან მაერთიანებს. ჩვენ აქ უკრაინულად ვლაპარაკობთ. უკრაინულ სიმღერებს ვმღერით. ვატარებთ უკრაინულ ღონისძიებებს. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ უკრაინა ჩვენი სამშობლოა. უკრაინა არის და უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი“, – ამბობს ელენა ჰარკავენკო, მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი.

„ჩვენთან ხშირად ტარდებოდა კულტურული ღონისძიებები, რომლებიც უკრაინელი ხალხის ისტორიიდან ვიცით და იმედია, პანდემიის დასრულების შემდეგ ისევ გავაგრძელებთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა რევაზ ჯავახიშვილმა, მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

დღეს მათთვის განსაკუთრებულად მძიმე დღეა. ამბობენ, რომ საშინელი დილა გათენდა, იმ ამბის მომტანი დილა,  რომლისაც სულ ეშინოდათ, განსაკუთრებით კი ამ ბოლო დღეების განმავლობაში. ახლა გაკვეთილიდან გაკვეთილამდე, ხუთწუთიანი შესვენებების დროს, უკრაინაში მცხოვრებ ახლობლებთან რეკავენ, რომ მოიკითხონ, იქნებ, უპასუხონ…

„ჩემთვის ეს ძალიან რთულია. ცრემლების გარეშე ამაზე ლაპარაკი მიჭირს. დონეცკში ეს ერთხელ უკვე გადავიტანეთ. მამაჩემი დონეცკის აეროპორტთან ახლოს არის დაკრძალული. სამწუხაროდ, 2013 წლის შემდეგ ჩვენ მამაჩემის საფლავის მონახულების უფლებას აღარ გვაძლევენ. დონეცკსა და კიევში ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. საბედნიეროდ, 95 წლის დედაჩემის თბილისში ჩამოყვანა მოვასწარი და ის ახლა ჩემთანაა“, – ამბობს ოქსანა ბელიავცევა, მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend