მთავარისაქართველომეორე მსოფლიო ომის ტყვეები

მეორე მსოფლიო ომის ტყვეები

თბილისის ბევრ მნიშვნელოვან შენობებს საკმაოდ სევდიანი ისტორია აქვს. ყველა მათგანს კი ერთი რამ აერთიანებს. ეს შენობები, რომლებსაც ყოველდღიურად ვხდებით, საბჭოთა არმიის მიერ ტყვედ აყვანილი ჯარისკაცების აგებულია.

ათასობით გერმანელი, ავსტრიელი, უნგრელი და პოლონელი ახალგაზრდა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ტყვეთა ბანაკებში ჩამოასახლეს.

ერთ-ერთი ასეთი ბანაკის ნანგრევები ქალაქ რუსთავის მახლობლად მდებარეობს. ეს ბანაკი 1960-იან წლებამდე ფუნქციონირებდა. “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარის ირაკლი ხვადაგიანის თქმით ტყვეები აქ მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ.

„ტყვეთა ბანაკებში, ანუ ლაგერებში, ამ ადამიანებს იძულებით ამუშავებდნენ. ისინი ჩართული იყვნენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში. საქართველოში 1944-1945 წლიდან უკვე ჩანს ასეთი ბანაკების კვალი. 40-იანი წლების მეორე ნახევარსა და 50-იანების დასაწყისში ბევრი ასეთი ლაგერი შეიქმნა. ტყვეები მაგისტრალების, აეროპორტების, ქარხნების, ფაბრიკებისა და დიდი კომპლექსების მშენებლობაზე მუშაობდნენ. სავარაუდოდ ეს ადგილი,ყოფილი ბანაკი, რომელის ნანგრევებთან ახლა ვდგავართ, რუსთავისა და გარდაბნის ინდუსტრიული და ინფრასტრუქტურული ზონის ნაწილი იყო“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ზოგიერთმა ტყვემ სამშობლოში დაბრუნება შეძლო, თუმცა დიდი ნაწილი მძიმე სამუშაო და საცხოვრებელი პირობების გამო გარდაიცვალა. ათასობით ახალგაზრდამ არასრულფასოვან კვებასა და ზედმეტ დატვირთვას ვერ გაუძლო.

გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიცვალებულთა პატივსაცემად მემორიალი ააგო. საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამარხებისა თუ ნანგრევების მოსაძიებლად ქართულ ორგანიზაციებთან ერთად დაუღალავად მუშაობდნენ.

„გერმანიისთვის ისტორიულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს ომისა და ძალადობრივი რეჟიმების მსხვერპლთა გახსენება. სახალხო კავშირი უვლის გერმანელ სამხედროთა საფლავებს, უზრუნველყოფს დაღუპულთა ნეშტების მოძიებასა და გადასვენებას სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ხშირად შესაძლებელი ხდება გარდაცვლილთა იდენტიფიცირებაც. შემდეგ ინფორმაცია მიეწოდებათ ოჯახის წევრებს ან შთამომავლებს. ამ საკითხში გერმანია მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ უწყებებთან. ჯერ კიდევ 1993 წელს გერმანიამ და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო საფლავების შესახებ, რომლის საფუძველზეც დღეს სახალხო კავშირი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად საქართველოში 18 ასეთ მემორიალზე ზრუნავს. ეს მემორიალები გვახსენებს წარსულს და ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას”, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკისა და პრესის განყოფილების ხელმძღვანელმა სარა ცილონკამ.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში მიიჩნევენ, რომ ამ საფლავებს წარსულის კვლევაში მნიშვნელოვანი როლი უკავიათ და კიდევ ერთხელ გვახსენებენ თუ რა შედეგი მოჰყვება ისეთ გლობალურ კატასტროფებს, როგორებიცაა მსოფლიო ომები და რადიკალური პოლიტიკური იდეები. ამავე დროს, საფლავის ქვები ადამიანური ტრაგედიასა და ტანჯვას გადმოსცემენ.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend