მთავარისაქართველო101 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

101 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს პარლამენტის სასახლის ეზოში გაიმართა.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურებმა – პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, 101 წლის წინ მომხდარი გაიხსენეს და თქვეს, რომ რუსული ოკუპაცია დღემდე გრძელდება, რასაც საქართველო არასდროს შეეგუება.

„დღეს, როცა პრეზიდენტის სასახლეზე, დღევანდელ დროშასთან ერთად, აღმართულია იმ პერიოდის დროშა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა შეუხებელია. იუნკერებმა სინამდვილეში გაიმარჯვეს, რადგან დაგვიტოვეს ეს მაგალითი, რომლითაც უნდა ვზრდიდეთ ახალგაზრდებს. უნდა ესმოდეთ, რომ რიცხოვნობას და ქვეყნის სიძლიერეს, ზომას არ აქვს მნიშვნელობა, თუ იცი, რისთვის იბრძვი და რის გწამს. ეს დღე, რეალურად გლოვის დღე არ არის და არც უნდა იყოს. არც 25 თებერვალი, არც 9 აპრილი, ყველა ეს თარიღები ჩვენი გამარჯვების თარიღებია, რადგან ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა – ამას რუსეთმა ვერაფერი ვერ მოუხერხა და ვერ მოუხერხებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, იუნკერებმა მომავალ თაობებს თავდადების მაგალითი დაუტოვეს.

იუნკერებმა დაგვიტოვეს თავდადების მაგალითი, რომელიც დღესაც რჩება სახელმძღვანელოდ თაობებისთვის. 1 საუკუნის შემდეგ, ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. დღეს ვართ დამოუკიდებლები, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ოცნება არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენა და განმტკიცება. ამას სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა, ჩვენი ერის გამთლიანება, რომლის გარეშეც, ჩვენი ოცნება, პრაქტიკულად, მიუღწეველია. მჯერა, რომ ეს გზა თავისუფლებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისკენ გადის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, სტაბილურობაზე, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე, სიმშვიდეზე და ჩვენი ერის გაერთიანებაზე. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იუნკერების იდეალებისკენ სწრაფვა – ეს იყო ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი საქართველო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ოკუპაცია დღემდე გრძელდება, რასაც საქართველო არასდროს შეგუება.

„101 წლის წინ დაწყებული ბრძოლა დღემდე არ დასრულებულა და არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, სანამ ყველა არ აღიარებს საქართველოს თავისუფლებას, მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას – შესაბამისად, ეს ბრძოლა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი თაობის ბოლომდე მისაყვანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის შენობის წინ, საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის 101 წლისთავთან და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა“ და „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ორგანიზებით გამოფენა-პერფორმანსი გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს საქართველოს გასაბჭოებასთან დაკავშირებული მძიმე მოვლენები და რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის სასტიკი გავლენები.

„თანამედროვე რუსეთი პირდაპირ და ღიად აანონსებს დაპყრობით ომებსა და ძველი იმპერიული “დიდების” აღდგენას. ამ ფონზე, ცხადია, როგორც 101 წლის წინ, საქართველო დღესაც მსხვერპლთა სიაშია. დიდი ხანია ვხედავთ, რამდენად დომინირებს რუსული რბილი ძალა. უკვე საგანგაშოა სიტუაცია, როდესაც არამხოლოდ რბილი ძალა, არამედ აქტიურ მოქმედებებსაც უნდა ველოდოთ. ამის პარალელურად მეხსიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოქალაქეთა უმრავლესობას უნდა ესმოდეს, თუ რას ნიშნავს რუსულ სამყაროში ყოფნა. ეს ნიშნავს ეროვნული კულტურისა და ცნობიერების განადგურებას, სახელმწიფოებრიობის მოსპობას და ჩვენს ჩამორჩენას, მინიმუმ, ერთი საუკუნით” , – განაცხადა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა.

დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალთან გაიმართა. მინისტრთან ერთად, ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და შეიარაღებული ძალების სხვა მაღალჩინოსნებმა.

ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.  25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend