იტალიაში რამდენიმეთვიანი სიმშვიდის შემდეგ გუშინ, 21 თებერვალს ვულკანმა ეტნამ კვლავ გაიღვიძა და აღმოსავლეთ სიცილიის თავზე 12 კილომეტრის სიმაღლეზე ვულკანური ფერფლის ღრუბელი წარმოშვა. როგორც იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ლავის ნაკადი მთის სამხრეთ აღმოსავლეთ ფერდობზე მოედინებოდა.
დაშავებულთა და ზარალთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც ვულკანოლოგიის ინსტიტუტში აცხადებენ, გუშინ საღამოს ვულკანიდან ლავის ამოფრქვევა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ავიახაზების წარმომადგენლებს მაინც გაეგზავნათ გაფრთხილება.
იტალიაში ვულკანი არაერთხელ ამოფრქვეულა. 1669 წელს ლავამ მთლიანად გაანადგურა სიცილიის აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ქალაქი კატანია და მიმდებარე დასახლებები.
1983 წელს ლავის ნაკადს, რომელიც საფრთხეს უქმნიდა დასახლებებს, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით მიმართულება შეუცვალეს. 1992 წელს კი სამხედროებმა ხელოვნური მიწის ბარიერი გააკეთეს, რათა ვულკანიდან გადმოსული ლავა დასახლებულ პუნქტებში არ შევარდნილიყო.