პარიზის შემდეგ მადრიდში იმართება ცნობილი დიზაინერის ჟან-პოლ გოტიეს გამოფენა. როგორც ცნობილია, გამოფენაზე წარმოდგენილია 250 ექსპონატი, მრავალი ორიგინალი დოკუმენტი და ასევე ნივთები დიზაინერის პირადი კოლექციიდან. ფრანგი დიზაინერის გამოფენა მადრიდში 5 ივლისამდე გაგრძელდება.
პარიზის შემდეგ ახლა მადრიდი მასპინძლობს გამოფენას, სახელწოდებით „ჟან-პოლ გოტიე: კინო და მოდა“.
კინო და მოდა – ეს ორი სფერო ყოველთვის ერთმანეთთან არის დაკავშირებული. დიზაინერმა შთაგონება სწორედ მარლენ დიტრიხისგან, პედრო ალმოდოვარისა თუ ფილმების პერსონაჟებისგან მიიღო.
ჟან-პოლ გოტიეს სურდა, გამოფენაზე ეჩვენებინა, როგორ იყენებდა ძველ ტანსაცმელს თავისი კოლექციების შესაქმნელად, ასევე როგორ იცვლებოდა ქალთა და მამაკაცთა სამოსი და ადამიანების დამოკიდებულება მისდამი.
ჟან-პოლ გოტიეს ყოველთვის აინტერესებდა სქესთან დაკავშირებული საკითხები, ეროტიკა, ქალისა და კაცის ურთიერთობები. თუმცა მისი ცხოვრება და კარიერა 1945 წელს გადაღებულმა ჟაკ ბეკერის ფილმმა განაპირობა.
დიზაინერმა 13 წლის ასაკში ნახა ფილმი „ფალბალასი“ , რომელიც მკერავსა და მისი სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიაზეა. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ჟან-პოლ გოტიემ, მოდის სფეროში ემუშავა.
გამოფენაზე ორიგინალი დოკუმენტები და 250-ზე მეტი ექსპონატია გამოფენილი. აქ ნახავთ ნივთებს დიზაინერის პირადი კოლექციიდანაც. გამოფენა „ჟან-პოლ გოტიე: კინო და მოდა“ მადრიდში 5 ივლისამდე გაგრძელდება.