მთავარისაქართველოქართველი პოლიტიკოსების მხარდაჭერა უკრაინას

ქართველი პოლიტიკოსების მხარდაჭერა უკრაინას

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების მხარდაჭერა ერთსულოვანია.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, საქართველო და უკრაინა მსგავს სიტუაციაშია. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინის მხარდაჭერისთვის და უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, დეპუტატები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, მეტი მომზადებისა და შეიარაღების გაუმჯობესებისთვის, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ.

„ცხადია, რომ უკრაინას და საქართველოს იდენტური მდგომარეობა აქვს, ორივეს გვაქვს ქრონიკული დაავადება, რომელსაც ჰქვია რუსეთი, ვერაფერს ვუშვრებით ჯერჯერობით და არც განკურნების წამალია მოგონილი, ამიტომ უნდა ვისწავლოთ ამ დაავადებასთან თანაცხოვრება ისე, რომ მინიმალური ზიანი მივიღოთ და მომავალში შევძლოთ განკურნება. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს ჩვენი ქმედებებით, იქნება ეს ეკონომიკა, სასამართლო, თუ ჩვენი ცხოვრების წესი, უნდა გავიდეთ რუსეთის ფედერაციიდან და იმ წარსულიდან, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს ჩვენ და რუსეთის ფედერაციას, მგონი, ეს არის გამოსავალი“, – განაცხადა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები გმობენ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. დეპუტატ გივი მიქანაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს მოვლენებს შესაბამისად.

„რუსეთის ფედერაციამ სრული იგნორირება მოახდინა საერთაშორისო სამართლის დადგენილი ნორმების და კონკრეტული ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა მოახდინა. ეს არის ერთი- ერთში ის სცენარი, რომელიც 2008 წელს საქართველოში განხორციელდა. საქართველოს პირველმა პირებმა მყისიერად გააკეთეს განცხადებები და დაგმეს ეს ამ რეგიონების „აღიარება“.

რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებულ საკითხს, ამის განხილვა უნდა მოხდეს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების ერთობლივი კოორდინაციით გამომდინარე საჭიროებიდან, მაგრამ აღნიშნული საკითხი როგორც სხვა ყველა სხვა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად იქნება გადადგმული, მაქსიმალურად კოორდინირებული იქნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. კონკრეტული აქტივობის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ნებისმიერი მხარდამჭერი ნაბიჯი გადადგას,”- განაცხადა დეპუტატმა გივი მიქანაძემ.

განცხადებების და შეფასებების პარალელურად, პარლამენტის დეპუტატები სხვადასხვა სოციალურ ქსელში, უკრაინის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავის ტვიტერის პოსტში აღნიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება საერთაშორისო სამართლის აშკარაა დარღვევაა. საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და  მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა აღკვეთონ ომის შესაძლებლობა. ქართველი პოლიტიკოსები უკრაინის ირგვლივ მოვლენების განვითარებას აკვირდებიან.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend