ნიუ-იორკში გაეროს საგანგებოდ გამართულ უშიშროების საბჭოზე ქვეყნებმა დაგმეს რუსეთის ქმედება და ახალი სანქციებით დაემუქრნენ.
ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკის და ლუგანსკის აღიარების შემდეგ, სხდომის ჩატარება შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა მოითხოვეს. სხდომაზე უკრაინის მისიის ხელმძღვანელის მიიწვიეს.
სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი დაუპირისპირდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მტკიცებას, რომ ჯარები, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში განლაგდნენ, სამშვიდობო როლს შეასრულებდნენ.
“ის მათ სამშვიდობოებს უწოდებს. ეს სისულელეა. ჩვენ ვიცით, რა არიან სინამდვილეში”, – თქვა თომას-გრინფილდმა.
ვრცელ სატელევიზიო მიმართვაში პუტინი აკრიტიკებდა უკრაინას, და უწოდებდა მას წარუმატებელ სახელმწიფოს, დასავლეთის „მარიონეტს“ და არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არსებითად რუსეთის ნაწილია.
თომას-გრინფილდის განცხადებით, პუტინის გამოსვლა იყო “აღმაშფოთებელი, ცრუ პრეტენზიების სერია”, რომელიც მიზნად “ომის საბაბის შექმნას” ისახავს.
რუსეთს, რომელიც ამჟამად თავმჯდომარეობს საბჭოს, სურდა სხდომა დახურულიყო, მაგრამ შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვდა, რომ ის საჯარო ყოფილიყო.
პუტინის მიერ სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარება ფაქტობრივად ფარავს კონფლიქტის მყიფე 2015 წლის სამშვიდობო გეგმას და რუსეთს პირდაპირი სამხედრო ჩართვისთვის უხსნის გზას.
“დიდი კონფლიქტის რისკი რეალურია და საჭიროა მისი თავიდან აცილება ნებისმიერ ფასად. შემიძლია დაგარწმუნოთ გენერალური მდივანი იმუშავებს მიმდინარე კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის”, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში როზმარი დიკარლომ.
„რუსეთს მოვუწოდებთ, კიდევ ერთხელ გულისყურით წაიკითხოს გაეროს გენერული მდივნის დღევანდელი განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ რუსეთის ქმედება სერიოზული დარღვევაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის“, – განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა სერგეი კისლიცამ.
„გასათვალისწინებელია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებმა 2014 წელს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, თუმცა რუსეთს იგი ამ დრომდე არ ჰქონდა აღიარებული. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის მაიდანის რეჟიმი საკუთარ ხალხთან აღმოსავლეთში ძალადობის ენით საუბარს მალე შეწყვეტს“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ.
„ეს მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არააა. რუსეთი კიდევ ერთხელ არღვევს გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებს“, – თქვა საფრანგეთის წარმომადგენელმა ნიკოლას დე რივიერმა.
ინდოეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში განაცხადა, რომ ინდოეთი „აქტიურად ადევნებს თვალს განვითარებულ მოვლენებს”.
„ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. იმედი მაქვს, კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოგვარდება.“
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ „ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს“.
გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების და უკრაინაში სამხედრო ძალების გაგზავნის გადაწყვეტილების გამო, დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს.