მთავარი სპორტი ბაკურიანმა სნოუბორდის პარალელურ გიგანტურ სლალომში ევროპის თასს უმასპინძლა

ბაკურიანმა სნოუბორდის პარალელურ გიგანტურ სლალომში ევროპის თასს უმასპინძლა

ბაკურიანში ევროპის თასის გათამაშების ეტაპს 12 ქვეყნიდან 70-მდე გამორჩეული ათლეტი ეწვია. სნოუბორდის პარალელურ გიგანტურ სლალომში ერთმანეთს მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები უპირისპირდებოდნენ. პირველ დღეს გამარჯვება შვეიცარიელმა წყვილმა მოიპოვა, კაცთა თანრიგში კავიეთზელ დარიომ მოიგო, ქალებს შორის კი პირველობა ჯენი ლადინამ არავის დაუთმო.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ტრასა საუკეთესო მდგომარეობაში იყო. მადლობა ბაკურიანს ასეთი ტურნირის ორგანიზებისთვის. შვეიცარიისთვის წარმატებული დღე იყო. კაცთა თანრიგში გამარჯვებული ჩემი შეყვარებულია. მასთან ერთად მოგება სასიამოვნოა,” – განაცხადა ჯენი ლადინამ.

ევროპის თასის გათამაშების ეტაპზე ბაკურიანში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებულმა ბენიამინ კარლმა იასპარეზა. 36 წლის სპორტსმენმა საქართველოში გამართულ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

“საქართველოში ტრასებისა და გარემოების გამოსაცდელად ჩამოვედი. მომავალ წელს აქ ხომ მსოფლიო ჩემპიონატი იმართება. ძალიან მომეწონა ტრასებიდა, თოვლიც კარგად დევს. ასევე აქ ხალხი ძალიან მეგობრულია. ყველაფერი ვნახე რისი ნახვაც მინდოდა,” – ამბობს ბენიამინ კარლი.

მეორე დღეს ქალთა თანრიგში ავსტრიელმა შოფმენ საბინამ მოიგო, კაცთა შორის კი გამარჯვებული გერმანელი ბაუმაისტერ სტეფანი გახდა.

ევროპის თასს არ ჩაუვლია ქართველი სპორტსმენის მონაწილეობის გარეშე, საშინაო ტრასაზე გამოცდილმა სპორტსმენმა რევაზ ნაზღაიძემ იასპარეზა.

სუპერვარსკვლავების დასახვედრად ბაკურიანში დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. სამთო-სათხილამურო კურორტმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს.

პარალელური გიგანტური სლალომი სანახაობრივი, დინამიკური დისციპლინაა. ორი სპორტსმენი ერთმანეთს რამდენიმეწამიან დაშვებაში სინქრონულად ეჯიბრება. 2021 წელს ბაკურიანმა სკი-კროსისა და სნოუბორდ-კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლა, 2022 წლის 5-6 მარტს კი საქართველოში ფრისკისა და სნოუბორდის სლოუფსთაილში გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მთავარი გამოწვევა კი 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაა. მოსამზადებელ პერიოდში საქართველომ არაერთ პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend