2021 წლის მე-4 კვარტალი საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე საუკეთესო იყო. საქსტატის ინფორმაციით, სხვადასხვა პარამეტრებით შეიმჩნევა აღდგენისა და გაუმჯობესების პროცესი. მათ შორისაა დასაქმებისა და უმუშევრობის დონეები. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, გასული წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა 1,4%-ით შემცირდა და შრომისუნარიანი მოსახლეობის 19% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.2 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით და 41.5 პროცენტს შეადგენს.
ეკონომიკის სპეციალისტები ამ მაჩვენებელს მკვეთრ გაუმჯობესებად არ თვლიან, თუმცა პოზიტიურად აფასებენ.
“ეს მცირეოდენო მაჩვენებელი რეალურად არაფერს არ ამბობს. კარგია, რომ გაუარესებული არ არის, მაგრამ 1.4%-იანი შემცირება განსაკუთრებულს არაფერს გვეუბნება. საყურადღებოა, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის უმუშევრობით ლიდერის პოზიციაზეა. სამწუხაროდ, ჩვენთან უმუშევრობა გაცილებით იმაზე მეტია, ვიდრე ეს საქსტატის მონაცემებიდან ჩანს. მათ სეზღუდული მეთოდოლოგია აქვთ და შესაბამისად ნამდვილ სურათს მაინც ვერ ასახავს.რაც შეეხება ამ ნიშნულის განმაპირობებელ მიზეზებს. ბუნებრივია, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებამ უმუშევრობის სტატისტიკაზეც იმოქმედა“, – აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელია.
ზოგადად, გასული წლის ოთხი კვარტლის მონაცემების ჩაშლით ჩანს, რომ თითოეულ პერიოდს შორის, სურათი დიდად განსხვავებული არ არის. ოფიციალური უწყების ცნობით, უმუშევრობის ყველაზე მძიმე სურათი 2021 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა – 22,1%.
„მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ იმას, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით გაუმჯობესება აღარ ჩანს. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ეკონომიკის აღდგენის ეფექტმა თავისი თავი ამოწურა და ეს მაინც და მაინც სახარბიელო სურათს არ გვაძლევს. სასურველი იქნებოდა, ეკონომიკის აღდგენის ამ ტალღას, მხოლოდ პანდემიამდელი მაჩვენებლის დაბრუნების ეფექტი არ ჰქონოდა და უფრო სხვა კუთხით მოეხდინა დადებითი გავლენა. ახლა მთავარია, როგორ გამოვიყენებთ არსებულ ვითარებას და რა მხრივ შევძლებთ როგორც უმუშევრობის დონის შემცირებას, ისე ეკონომიკის გამოცოცხლების პროცესის წარმართვას“, – განაცხადა „Iset კვლევითი ინსტიტუტის“ უფროსმა მკვლევარმა გიორგი პაპავამ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის დონეების შესახებ დეტალურ კვლევას ყოველ კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს უწყება, აპრილის თვის პირველ ნახევარში გაასაჯაროებს.
ალეკო გვეტაძე