მთავარიევროპაუკრაინაოკუპირებულ დონეცკში ევაკუაცია გამოცხადდა

ოკუპირებულ დონეცკში ევაკუაცია გამოცხადდა

აღმოსავლეთ უკრაინაში, პრო-რუსმა სეპარატისტებმა მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. კრემლის მიერ ოკუპირებული დონეცკის რეგიონიდან მოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში, როსტოვის ოლქში მიემგზავრებიან.

ოკუპირებული რეგიონიდან პირველ რიგში ბავშვების, ქალებისა და ხანშიშესულების ევაკუაცია მიმდინარეობს. ეგრეთ წოდებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა დენის პუშილინმა რეგიონის მოსახლეობას მიმართა.

”დროებით ევაკუაცია თქვენი და თქვენი ოჯახების წევრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე როსტოვის რეგიონში თქვენს დასახვედრად ყველაფერი მზად არის“, – მიმართა მოსახლეობას დენის პუშილინმა.

ოკუპირებულ დონბასში გუშინდელი დღიდან მოყოლებული პრო-რუსი სეპარატისტები უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებს ბომბავენ, მათ შორის მინსკის პროტოკოლით აკრძალული, მძიმე კალიბრის იარაღით. სულ ცოტა ხნის წინ კი ოკუპირებულ დონეცკში ტერაქტი მოხდა, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. დასავლეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები გარკვეული ხანია აცხადებენ რომ მოსკოვი ყალბ ტერაქტს გამოიყენებს და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის მოტივით უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დასაწყებად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend