მთავარისაქართველოსაქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალს ესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერიალს ესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

ჯუანშერ ბურჭულაძე ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს ადმირალ რობ ბაუერს და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ კოლეგებმა აშშ-დან, პოლონეთიდან და სლოვენიიდან კიდევ ერთხელ გამოხატეს პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ასევე მისი თქმით, მინისტერიალის ფარგლებში საქართველომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

“ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. ნატო არის ის ერთადერთი გზა, რითიც ჩვენ მივაღწევთ საქართველოს მთლიანობას. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ასევე ვისაუბრეთ იმ რისკებზე, რაც შესაძლოა საქართველოს ჰქონდეს. ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ ჩვენ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი თქმით, დიპლომატიური და პოლიტიკური გამოსავლის მიღწევას საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით ცდილობენ.

„დღეს ჩვენ ვიკრიბებით იმ ფონზე, როდესაც ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. მოსკოვიდან არის მინიშნებები, რომ დიპლომატიური მიმართულებით მუშაობის გაგრძელება შეიძლება, თუმცა ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ ჯარების გაყვანისა და დეესკალაციის ნიშნებს. რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოხატა უპატივცემულობა ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისადმი და ასევე მისი მზაობა, რომ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად ძალას გამოიყენებს. ვშიშობ, რომ ეს არის ახალი რეალობა, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ნატოს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობენ საკითხის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის. ამას ჩვენ ვაკეთებთ საქართველოსთან და უკრაინას მჭიდრო კოორდინაციით. საქართველოსა და უკრაინის მიმართ ნატოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გრძელდება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის მინისტერიალზე დასწრება განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალი საფრთხეების ფონზე. თუმცა, ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით პროაქტიულ პოლიტიკას არ ატარებს.

„ხელისუფლების ძალისხმევა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი იმ დონეზე იყოს აწეული რა დონეზეც უკრაინის საკითხია. სამწუხაროა, რომ არც თუ ისე ხშირად ხდება საქართველოს წარმომადგენლებთან ასეთი მაღალი დონის შეხვედრა, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მმართველი გუნდი ყველანაირად ცდილობს, რომ ეს საერთაშორისო საკითხები უკრაინასთან სინქრონიზაციაში არ მოვიდეს“,- განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

„პოლიტიკური მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს, თუმცა ქვეყნის პროაქტიული პოლიტიკა პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით, განსაკუთრებით კი ამ რთულ და საშიშ ვითარებაში არის ის მინიმუმი, რასაც საქართველოს ხელისუფლება უნდა აკეთებდეს და სამწუხაროდ არ აკეთებს“, – მიიჩნევს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია.

თავდაცვის მინისტერიალი წინ უსწრებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც 18 თებერვალს იწყება და 22 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დაესწრება.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend