მთავარისაქართველო"მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტმა ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმინა

“მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტმა ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმინა

17 თებერვლის სხდომაზე “მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმინეს. მოხსენებისას მინისტრმა  განაცხადა, რომ 2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტის პარალელურად, იგეგმება  მთავრობის ვალის მაჩვენებლის შემცირება, რომელიც გეგმის მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის 48 პროცენტს უნდა ჩამოცდეს.

ლაშა ხუციშვილმა მთლიანობაში დადებითად შეაფასა სამინისტროს და მთლიანად მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ 2021 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაო და გასულ წელს წარმატებული უწოდა.

„2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი გვაქვს მშპ-ს 4,4 პროცენტის დონეზე, თუმცა ვფიქრობთ, არსებული პროგნოზების მიხედვით, შესაძლებელი იქნება მისი შემცირება 4,1 პროცენტამდე. ბიუჯეტის დეფიციტის პარალელურად, მთავრობის ვალის მაჩვენებელი ჩამოსცდება მშპ-ს 48 პროცენტს. მნიშვნელოვანი პარამეტრია მთავრობის დანაზოგების მოცულობაც. აღნიშნული მაჩვენებელი პანდემიამდე მშპ-ს ხუთი პროცენტის ფარგლებში იყო. პანდემიის გავლენით, 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი უარყოფითი გახდა, ხოლო 2021 წელს ერთ პროცენტზე ნაკლები შეადგინა. ეკონომიკური აღდგენის პარალელურად, 2022 წელს მთავრობის დანაზოგების დონე დაუახლოვდება პანდემიამდელნიშნულს და 4 პროცენტს გადააჭარბებს. საქართველოს ეკონომიკამ 2021 წელს აჩვენა აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი. ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს პოტენციურზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც ხელს შეუწყობს აღდგენის ტემპების გაგრძელებას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

„დაბალი დონის და უინტერესო პრეზენტაცია“ – ასე შეაფასა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მისული ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის გამოსვლა. ოპოზიციონერი დეპუტატებით განცხადებით, გაზრდილი საგარეო ვალი, გადაჭარბებული ინფლაცია და ბიუროკრატიული ხარჯები, ეროვნული ვალუტის არასტაბილური კურსი და დღითიდღე უფრო გაძვირებული ცხოვრება, არის მთავრობის დღევანდელი ეკონომიკური გუნდის საქმიანობის შედეგი. ამაზე კი მათი თქმით, ფინანსთა მინისტრს არარაციონალური ხედვები და პასუხები აქვს.

“მაინტერესებდა, ვინ ჩაგვიყო ჯიბეში ხელი და რატომ მოხდა, რომ ქართული ბიზნესი უმძიმესს დღეში ჩააგდო ამ გუნდმა?! ელემენტარული დანაზოგი, რომელიც ხალხს ჰქონდა, ფაქტობრივად წაართვეს და ლარის კურსის მანიპულაციით ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიაყენეს. რაც ხალხს აინტერესებს, იმაზე მინისტრს არ უსაუბრია. გამოვიდა და ტრიბუნასთან მხოლოდ ის თქვა, რომ საუკეთესო ხელმძღვანელია“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ქართული ოცნების“ საპარალამენტო უმრავლესობის დეპუტატები, ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებით მიიჩნევენ, რომ ლაშა ხუციშვილი წარმატებით ხელმძღვანელობს ფინანსთა სამინიტროს, თუმცა მის მიმართ უცხოური ინვესტიციების სიმცირესა და სხვა გამოწვევებთან მიმართებაში, მათაც ჰქონდათ კონკრეტული შეკითხვები.

“გასული წლის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი ვარდნით დავიწყეთ და დავამთავრეთ ეკონომიკის 10.6%-იანი ზრდით, რაც სრულიად მოულოდნელი იყო და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ პრობლემების მიუხედავად მთავრობის ეკონომიკის გუნდმა წარმატებით იმუშავა. აქ მარტო ფინანსთა მინისტრს ვერ გამოვყოფთ, მაგრამ ამ უწყებამაც მნიშვნელოვან გამოწვევებს გაუძლო და ყველა მიმართულებით ჩვენმა გუნდმა შევძელით პარამეტრების გაუმჯობესება. მაგრამ, პანდემიის გავლენით არის უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებული სიმცირე. ჩემი კითხვაც სწორედ ამას ეხებოდა – როგორ ხედავს ფინანსთა მინისტრი ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯების გადადგმას. ვფიქრობ, რომ ამომწურავი და დამაიმედებელი პასუხი მივიღე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.

კომუნალური გადასახადების ირგვლივ ბოლო დროს მომხდარ გაუგებრობებთან დაკავშირებით, პარლამენტის 17 თებერვლის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებისათვის სემეკის თავმჯდომარეს დავთ ნარმანიასაც უნდა ეპასუხა, თუმცა მისი გამოსვლა მომდევნო სასესიო სხდომაზე გადაიდო.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend