მთავარისაქართველოფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული კოდექსის პრეზენტაცია გაიმართა

ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული კოდექსის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებები დაამტკიცა.

დოკუმენტები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პრეზენტაციის სახით საქართველოს პარლამენტის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს წარუდგინა. იქვე გაიმართა დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიაც.

ფინანსური ორგანიზაციების მიმართ სანდო პარტნიორის რეპუტაციის გამყარება, მათი ინტერესებისა და და უფლებების მაქსიმალურად დაცვა და ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან კეთილსინდისიერება – ეს ის ცვლილებებია, რომლებზეც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრეს და შემდეგ დაამტკიცეს.

„შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამ იკრძალება. ხშირად ხდება ხოლმე, რომ სესხის ამომღებნი აღსრულების ბიუროს ან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებად წარადგენენ ხოლმე თავს. ეს, რა თქმა უნდა, ცუდ სიტუაციაში აყენებს მომხმარებელს“,  – ამბობს კობა გვენეტაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

„მნიშვნელოვანი კამათი გვქონდა გარკვეულ საკითხებზე. პრობლემურ მსესხებლებთან დაკავშირებით არის გარკვეული ნიუანსები, რომლებიც იზღუდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები უკუეფექტს არ გამოიწვევს ან სხვა მიმართულებით არ განავითარებს ურთიერთობებს, იქნება ეს უფრო მეტი ვადაგადაცილების ნაწილი თუ საფინანსო სექტორის მხრიდან გარკვეულ კომუნიკაციებზე უარის თქმის წინაპირობა“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეთიკის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ძირითადი მოთხოვნებია: მომხმარებელთან კომუნიკაციისას საქმიანი და ზრდილობიანი ფორმის დაცვა; ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისთვის დაუზუსტებელი ან მცდარი ინფორმაციის მიწოდების აკრძალვა. ასევე დადგინდა საკონტაქტო პირთან კომუნიკაციის ფორმა და დრო. ხოლო მესამე პირთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მსესხებლის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. ამასთან ერთად, საფინანსო ინსტიტუტები ვალდებული იქნებიან, მომხმარებელთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები გააკეთონ და ორი თვის განმავლობაში შეინახონ. ცვლილებები შევიდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესშიც.

„შეიძლება ფინანსური პრობლემა ნებისმიერს შეექმნას და ეს არ არის საფუძველი, რომ ვინმეს პირადი სივრცე დაირღვეს ან გარკვეული სახის უარყოფითი კომუნიკაცია იყოს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კოდექსის მიღება. ბევრი რამ შეიძლება დარეგულირდეს კანონის პარალელურად არსებულ ეთიკაზე. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – ამბობს არჩილ ბაკურაძე, “კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

„ერთი არის ქცევის კოდექსი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მომხმარებლებთან მოპყრობას ვალის დაბრუნების მომენტში და მეორე არის ვადაგადაცილებული დავალიანების წესში ცვლილება. ორივე დადებითი მოვლენაა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვმოძრაობთ მომხმარებლებსა და ბანკებს შორის უფრო ცივილიზებული მიდგომისა და ურთიერთპატივისცემისკენ. მე სავსებით ვიზიარებ ამ პათოსს“, –  განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ, “პაშა ბანკის” გენერალურმა დირექტორმა.

ეთიკის კოდექსისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებების ძირითადი მოთხოვნები 2022 წლის 1 მარტიდან, ხოლო მომხმარებელთან და საკონტაქტო პირებთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერების წარმოების ვალდებულება არა უგვიანეს 1 ივნისიდან ამოქმედდება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend