ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს უკრაინის საზღვრებთან ვითარების დეესკალაციისკენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შიში მინელდა, თუმცა საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიაჩნია, რომ რუსეთი მზად არის, პრობლემა დიპლომატიური გზით მოგვარდეს. ამიტომ ევროპა მოუწოდებს რუსეთს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალიციისკენ, რათა შეიქმნას გულახდილი პოლიტიკური დიალოგის წინაპირობა. შარლ მიშელის აზრით, გაუმართლებელია მუდმივად დიპლომატიაზე საუბარი, როდესაც მეორე მხარე ჯარების მობილიზებას აგრძელებს.
ოთხშაბათს საღამოს დაჩქარებული წესით დამტკიცდა უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი მაკროფინანასური სესხი 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით. უკრაინის შიდა დაფინანსება მკვეთრადაა შემცირებული რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისა და პანდემიის გამო გაუარესებული ეკონომიკის ფონზე.
უკრაინაში კი გუშინ, 16 თებერვალს, პრეზიდენტი ზელენსკი ცდილობდა, ჯარი და მოსახლეობა გაემხნევებინა. ქვეყანაში არსებობდა იმის საფრთხე, რომ რუსეთი სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელებს არაფერი აშინებთ. ისინი მზად არიან, ნებისმიერ დროს დაიცვან თავიანთი ქვეყანა.
რუსეთში აცხადებენ, რომ სამხედროების ნაწილი ბაზებზე დაბრუნდა. თავდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ატარებენ რუსეთისა და ბელარუსის ქვედანაყოფები ერთობლივ წვრთნებს. მინსკში აცხადებენ, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ ბელარუსის ტერიტორიაზე ერთი რუსი ჯარისკაციც არ დარჩება.