რუსეთის ჯარის ნაწილი ბაზაზე ბრუნდება – ამ ამბავმა კიევსა და დასავლეთში ბევრს იმედი გაუჩინა, რომ რუსეთი აღარ აპირებს უკრაინაში შეჭრას. თუმცა თეთრ სახლში მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილი.
ჯო ბაიდენმა ერთ-ერთი ამერიკული ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. მოსკოვს კი კვლავ სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს ორი გზა. ისტორიული პასუხისმგებლობისათვის, რომელსაც შეერთებული შტატები და რუსეთი იზიარებენ, გლობალური უსაფრთხოებისა და საერთო მომავლისთვის პრობლემა დიპლომატიური გზით უნდა გადაიჭრას. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოკავშირე ქვეყნებს შესაბამისი რეაქცია ექნებათ.
მოსკოვში გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატოში არ ითვალისწინებენ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებსა და მათ შეშფოთებას უკრაინის საკითხთან და ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. თუმცა ასევე დასძინა, რომ ომი არც რუსეთს სურს. სწორედ ამიტომ წარადგინეს მათ წინადადებები, რომლებიც თანაბარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ყველა ქვეყნისთვის, მაშ შორის რუსეთისთვის. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, მათ ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრიათ, თუმცა, სამწუხაროდ, შესაბამისი კონსტრუქციული პასუხი ვერ მიიღეს.
კიევის მცხოვრებლებს არ სჯერათ პუტინის განცხადებების. მათი აზრით, პუტინს აწყობს ეს სიტუაცია, ის საკუთარი დღის წესრიგს კარნახობს ყველას და თავისი მიზნების მისაღწევად ყველა ხერხს იყენებს.
ამავდროულად, უკრაინაში, პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით, 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოცხადდა.