საქართველოში საზოგადოება დღეს უფრო ტოლერანტულია, ვიდრე ოთხი წლის წინ. — ვკითხულობთ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაში, რომელიც მრავალფეროვნების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას შეეხება.
კვლევის მიხედვით, 2018 წელს მრავალფეროვნებას ქვეყნისთვის დადებითად 56 პროცენტი აფასებდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 70 პროცენტამდეა გაზრდილი. 2018 წელთან შედარებით 2021 წელს 47 პროცენტამდე გაიზარდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც ლგბტ თემის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.
საქართველოს ევროპის საბჭოს ოფისში მიიჩნევენ, რომ მხოლოდ იმ საზოგადოებას შეუძლია უწოდოს თავს თანამედროვე, სადაც ყველა ადამიანის უფლებები თანასწორია.
„ევროპის საბჭომ დაასრულა 4-წლიანი პროექტი, რომლის მიზანიც მრავალფეროვნებისა და თანასწორობის ხელშეწყობა და დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. პროექტი დანიის სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან, სახალხო დამცველის ოფისთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, პროკურატურასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვებთან, საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე. მხოლოდ იმ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შეუძლია უწოდოს საკუთარ თავს თანამედროვე, სადაც ყველა მოქალაქე თავისუფალი და თანასწორია, განურჩევლად სოციალური სტატუსისა და იმისა, თუ რომელ უმცირესობას ეკუთვნიან“, — განაცხადა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ.
ევროპის საბჭოს პროექტი მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას, შესაძლებლობების განვითარებას, ადვოკატირებასა და ცნობადობის ამაღლებას პოლიტიკის შემქმნელებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის.
კვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოება სულ უფრო ტოლერანტული ხდება, თუმცა ამ დამოკიდებულებას ნაკლებად ამჟღავნებს, რათა შეძლოს და წინ აღუდგეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულსა და დისკრიმინაციას. მკვლევარების აზრით, ხელისუფლებასა და საზოგადოებაში მეტი მსჯელობა და განხილვაა საჭირო.