მთავარიევროპაბელგიაბელგია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის და თანამშრომლებს უფლებას აძლევს, რომ სამუშაო...

ბელგია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის და თანამშრომლებს უფლებას აძლევს, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ უფროსს აღარ უპასუხონ

მალე ბელგიაში დასაქმებულები ოთხდღიანი სამუშაო კვირის არჩევას შეძლებენ. ეს სიახლე შრომის ბაზრის იმ რეფორმის ნაწილია, რომელიც ქვეყანამ 15 თებერვალს გაასაჯაროვა.

რეფორმების პაკეტი, რომელზეც ბელგიის მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა უკვე შეთანხმდა, დასაქმებულს იმის უფლებასაც აძლევს, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გამორთოს კორპორატიული აპარატები და არ უპასუხოს სამსახურთან დაკავშირებულ ტექსტურ შეტყობინებებს. ამის გამო დასაქმებულს ვეღარ უსაყვედურებენ.

“ჩვენ ორი რთული წელი გავიარეთ. ამ შეთანხმებით ჩვენ ისეთი ეკონომიკის შუქურას ვქმნით, რომელიც უფრო ინოვაციური, მდგრადი და ციფრული იქნება. ამის მიზანი ხალხისა და ბიზნესის გაძლიერებაა“, –  განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ იმ პრესკონფერენციაზე, რომელზეც რეფორმის პაკეტი გამოაცხადა.

ახალი კანონმდებლობის ფარგლებში  მიტანა-გადაყვანის სერვისის პლატფორმებზე დასაქმებულებიც სამართლებრივად უკეთ იქნებიან დაცული, ხოლო სრული სამუშაო დღით დაქირავებულებს საშუალება ექნებათ, უფრო მოქნილი სამუშაო გრაფიკი მოითხოვონ.

თუმცა რეფორმების პაკეტის კანონად ქცევას რამდენიმე თვე დასჭირდება, რადგან სანამ კანონპორექტი ძალაში შევა, ფედეარლური კანონმდებლების მხრიდან უამრავი მოსმენა უნდა გაიაროს.

სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსი

ბელგიის  შრომის ბაზრის ახალი რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმებულების სამუშაო საათებისა და პირადი ცხოვრების გაწონასწორებას ემსახურება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

კანონპროექტი, რომელზეც ბელგიის ფედერალური მთავრობა უკვე შეთანხმდა, დასაქმებულებს საშუალებას აძლევს ოთხდღიანი სამუშაო კვირა აირჩიონ.

“ეს დასაქმებულის მოთხოვნით უნდა მოხდეს და თუ დამსაქმებელი უარს იტყვის, ამისთვის ძალიან მყარი არგუმენტები უნდა წარმოადგინოს“, – განაცხადა ბელგიის შრომის მინისტრმა პიერ-ივ დერმანმა პრესკონფერენციაზე.

მთავრობის წარმომადგენელმა „ევრონიუსთან“ საუბარში დაადასტურა, რომ  დასაქმებულებს უფლება ექნებათ, მოითხოვონ ოთხდღიანი სამუშაო კვირა ექვსი თვის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ დასაქმებულს შეუძლია გააგრძელოს ეს რეჟიმი, ან ისევ ხუთდღიან სამუშაო კვირაზე დაბრუნდეს ისე, რომ ამას არავითარი უარყოფითი შედეგი არ მოჰყვეს.

„ექვსთვიანი პერიოდი იმიტომ შეირჩა, რომ შეიძლება დასაქმებული უკმაყოფილო დარჩეს ამ არჩევანით, შესაბამისად, დიდხანს არ მოუწევს ამის გაძლება“,- ამბობენ ისინი.

ბელგიური სისტემის მიხედვით, დასაქმებულებს შეუძლიათ მიმდინარე ხუთდღიანი სამუშაო კვირის საათები  ოთხ დღეზე გადაანაწილონ. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ 38-საათიანი სამუშაო კვირა შენარჩუნდება, მაგრამ გახანგრძლივებული სამუშაო საათების სანაცვლოდ ერთი დამატებითი დასვენების დღე იქნება.

დასაქმებულებს ასევე უფლება ექნებათ, ცვლადი სამუშაო გრაფიკი მოითხოვონ. სხვადასხვა ცვლის მქონე კომპანიები ვალდებული იქნებიან, ცვლის გრაფიკში ცვლილების შესახებ დასაქმებულს  სულ მცირე შვიდი დღით ადრე შეატყობონონ.

“ეს ძალიან მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სურს ბავშვებს მეტი დრო დაუთმოს,“ – განაცხადა დერმანმა და დაამატა, რომ ახალი ინიციატივები განსაკუთრებით დაეხმარებათ განქორწინებულებს ან ცალ-ცალკე მცხოვრებ  მშობლებს, რომლებიც ბავშვზე მეურვეობას იზიარებენ.

გათიშული ტელეფონი

იანვარში ბელგიის ფედერალურ მთავრობაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს უფლება მისცეს, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კავშირზე აღარ იყვნენ, გათიშონ სამსახურთან დაკავშირებული ყველა აპარატი და არ უპასუხონ ტექსტურ შეტყობინებებს. ამის გამო მათ უფროსი ვერ უსაყვედურებს.

ახლა ბელგიაში ყველა დასაქმებულს ექნება ამის საშუალება, კერძო სექტორის ჩათვლით, განაცხადა დერმანგემ.

“ზღვარი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის თანდათან იშლება. ასეთი უწყევტი მოთხოვნა შესაძლებელია მავნე იყოს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, – განმარტა მან.

პრაქტიკაში ეს ახალი წესი შეეხება ყველა დამსაქმებელს, რომელსაც 20-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. დამსაქმებლებს პროფესიულ კავშირებთან მოუწევთ მოლაპარაკება, რათა მიუწვდომლობის უფლება  შრომის კოლექტიურ ხელშეკრულებებში ჩაიდოს.

პლატფორმული დასაქმების რეგულაცია

რეფორმის პაკეტი მიტანა-გადაყვანის მომსახურების სექტორსაც შეეხება, მაგალითად, ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა Uber-ი, Deliveroo და Just Eat Takeaway-ი. ასეთ სამუშაო პლატფორმებს დასაქმებულების საწარმოო ტრავმის დაზღვევა დაევალებათ, ასევე უფრო მკაფიოდ განისაზღვრება, ვინ ითვლება თვითდასაქმებულად და ვინ  – არა.

ბელგიის შრომის რეფორმა ემატება ევროკავშირის მიერ ინიცირებულ დირექტივას, რომელიც ასახელებს ხუთ კრიტერიუმს, რომელთა მიხედვითაც უნდა განისაზღვროს, ითვლება თუ არა ადგილზე მიტანისა და ტაქსით მომსახურების პლატფორმის მუშაკი დასაქმებულად.

ბელგიაში პლატფორმის მუშაკები ხუთი შესაძლო კრიტერიუმიდან  სამს აკმაყოფილებენ – მათ შორის არიან ისინი, ვის მუშაობასაც უწევენ მონიტორინგს, ვისაც არ აქვს შეკვეთაზე უარის თქმის უფლება, ან ვის ანაზღაურებასაც კომპანია განსაზღვრავს. ასეთ დასაქმებულებს ბიულეტენზე გასვლისა და ანაზღაურებადი შვებულების უფლება ექნებათ.

ახალი წესი არავის უკრძალავს შტატგარეშე თანამშრომლობას ან ხელშეკრულებით მუშაობას, განმარტა სოციალური საკითხების მინისტრმა ფრანკ ვანდენბრუკმა.

“ვისაც სურს, შეუძლია თვითდასაქმებული იყოს და მეტი ავტონომია ჰქონდეს,“ – განაცხადა მინისტრმა.

ავტორი: ტომ ბატემანი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend