მთავარი საქართველო ახალგაზრდების მიგრაცია

ახალგაზრდების მიგრაცია

სად ხედავენ ახალგაზრდები თავიანთ მომავალს?

სად და როგორ ხედავენ ახალგაზრდები თავიანთ მომავალს? სამშობლოში უნდათ დარჩენა, თუ  საზღვარგარეთ ეძებენ ახალ შესაძლებლობებს? ახალგაზრდების სურვილები და საჭიროებები „ფრიდრიხ ებერტის ფონდმა“ შეისწავლა.

კვლევის ერთ ნაწილში ნათქვამია, რომ საქართველოდან ახალგაზრდების მიგრაციის მიზეზი ხშირად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სურვილია, თუმცა არსებობენ ისინი ვინც მუშაობისთვის და ცხოვრებისთვის სასურველ ადგილად საქართველოს მიიჩნევს.

25 წლის ანა მელიშვილი სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა იტალიიდან, სადაც კოგნიტური ნეირომეცნიერების მიმართულებით მაგისტრატურა დაამთავრა, ანა უკვე ფიქრობს, როგორ წავიდეს ისევ უცხოეთში, სწავლა განაგრძოს ან მუშაობა დაიწყოს.

„უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებამდე მივხვდი, რომ საზღვარგარეთ და არა საქართველოში იყო ჩემი მომავალი. სულ ვამბობდი, რომ კი ჯერ აქ ვისწავლი, მაგრამ მაგისტრატურაზე უნდა წავიდე, თითქოს იმედი არ მქონდა, რომ აქ ხარისხიან განათლებას მივიღებდი. არ ვიცი ეს რა იყო უბრალოდ ასეთი წარმოდგენა მქონდა“, – მიიჩნევს ანა მელიშვილი.

ანას თქმით, მისი პროფესიის სპეციფიკამაც განაპირობა ის, რომ სწავლა უცხოეთში ამჯობინა, ამის მთავარ მიზეზად კი საქართველოში სხვადასხვა რესურსის არარსებობას ასახელებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ არ მეგულება კარგი რესურსები საქართველოში და ბევრად კარგი მეგულება სხვაგან, სადაც უკვე ცოტა ხნით ვიცხოვრე კიდეც ვიცი რას ვაკეთებ, ლაბორატორიებთანაც მითანამშრომლია, მირჩევნია რომ სწავლა სადოქტორო პროგრამაზე განვაგრძო“, – ამბობს ანა.

თუმცა, არსებობენ ისეთებიც ვისთვისაც საქართველოში ყოფნა კონფორტულიცაა და გამოწვევებით სავსეც.

„ჩემს მომავალს  უპირველესად საქართველოში ვხედავ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ აქაც შესაძლებელია ისე განვითარება, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და შესაძლებელია იმ მიზნების მიღწევა რის გამოც შეიძლება სხვები წავიდნენ უცხოეთში“, – მიიჩნევს ვაკო ბიბიჩაძე.

ვაკო ახლა მაგისტრატურაზე სწავლობს და ფიქრობს, რომ მიზეზი რატომაც შესაძლოა ქვეყანა დატოვოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაა.

„როდესაც უცხოეთში სწავლაზე ვსაუბრობთ, ალბათ ასეთ დროს მოტივაცია უკეთესი განათლების მიღებაა, გავრცელებულია აზრი, რომ საქართველოში ხარისხიან განათლებას ვერ მიიღებ, თუმცა ჩემს გარშემო უამრავი ახალგაზრდაა, რომელიც საქართველოში მიღებული განათლებით უცხოეთში საერთაშორისო კომპანიებში მუშაობს“, – ამბობს ვაკო.

არაკომერციული ორგანიზაციის ფრიდრიხ ებერტის 2020 წლის კვლევაში, სახელწოდებით „ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება ადგილობრივ დონეზე„ ნათქვამია:

“ იმის გამო, რომ დასაქმების შესაძლებლობები ნაკლებია ქვეყანაში, დისკუსიის მონაწილეებს შორის დომინანტური იყო მოსაზრება, რომ ახალგაზრდები საზღვარგარეთ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად მიდიან და არა განათლების მისაღებად, რაც პრობლემადაა შეფასებული …და კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც გამახვილდა ყურადღება საზღვარგარეთ წასვლის კონტექსტში, კულტურულ ფაქტორს უკავშირდება. კერძოდ, ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, საზღვარგარეთ წასული ახალგაზრდები მუშაობენ ისეთ პოზიციებზე, რომლებსაც არ დასთანხმდებოდნენ საქართველოში“

“ჩვენ რამდენიმე კვლევა გვაქვს ჩატარებული ახალგაზრდებში, რამდენიმე უშუალოდ მოიცავს ახალგაზრდების მიგრაციის თემას. არა ერთ კვლევაში იყო დასმული კითხვა რა შეიძლება იყოს მთავარი მოტივი ახალგაზრდებისთვის, რომ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალონ გადაადგილდნენ როგორც ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ასევე  ქვეყნის შიგნით. პასუხებიდან გაირკვა, რომ საქართველოს დატოვების მთავარ მიზეზად ახალგაზრდები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ასახელებენ. ასევე ამბობენ, რომ უკეთესი განათლების მიღების პერსპექტივა უბიძგებთ დატოვონ ქვეყანა ან რეგიონების შემთხვევაში გადავიდნენ დედაქალაქში. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის სურვილი რეგიონების მიხედვით განსხვავდება, აჭარასა და ქვემო ქართლში ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გურიაშია და ახლაგზრდების 46 % აქვს სურვილი დატოვოს საცხოვრებელი”, – ამბობს ფრიდრიხ ებერტი ფონდის ხელმძღვანელი ფელიქს ჰეტი.

ზოგიერთ ახალგაზრდას საკუთარი მომავალი ნათლად აქვს წარმოდგენილი, ზოგიც ახლა ცდილობს განსაზღვროს სად უკეთ გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს. ისინი ეძებენ გზებს საზღვრებს მიღმა და საკუთარ სამშობლოშიც.  მაგრამ უმრავლესობისთვის ყველაზე სასიამოვნო და გასახარი იმის გააზრებაა, რომ მათ ახლა შესაძლებლობა აქვთ არჩევანი გააკეთონ.

ნინი ჯალაბაძე

უახლესი

სხვა ამბები

ახალგაზრდებიახალგაზრდები

Send this to a friend