მთავარისაქართველოავარიული კორპუსი - 150 ოჯახი სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში ცხოვრობს

ავარიული კორპუსი – 150 ოჯახი სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში ცხოვრობს

„შენობის მასშტაბური და მყისიერი ნგრევები რეალურია. შენობაში მობინადრეების ყოფნა სახიფათოა მათი სიცოცხლისთვის. შენობა დემონტაჟს ექვემდებარება“, – წერია დასკვნაში.

ეს დასკვნა 2014 წლით თარიღდება. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსი საცხოვრებლად უვარგისია, აქ დღემდე 150-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილია.

„კიდევ ვიცხოვრებდი მეორე 28 წელი, ოღონდ შიში რომ არ მქონდეს. ეს ნგრევადი შენობაა და რომ დაირყევა რამე, ღამე უცებ გვეღვიძება. ფხიზლად გვძინავს, იმიტომ რომ გვეშინია“, – წუხს აფხაზეთიდან დევნილი გუგული კოპალიანი.

„სამი შვილის დედა ვარ, 15 კვ. მ. ოთახია დაახლოებით. ამ სივიწროვეში ხომ საშინელი პირობებია ჯერ და მერე კიდევ ყოველ ღამე გათენება გეშინია ადამიანს. თავზე არ დაემხოს ბავშვებს ეს საშინელი შენობა მეშინია. სად უნდა წავიყვანო, სად გავზარდო შვილები არ ვიცი“, – ამბობს შორენა ტაბატაძე, რომელიც ასევე აფხაზეთიდან დევნილია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 14 თებერვალს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

„ზანზარებდა და კინაღამ ჩამოცვივდა ზემოდან ყველაფერი და გავვარდით გარეთ. მთელი ღამე კენჭები ცვივა“, – იხსენებს ნესტან ილიადი.

„მიწისძვრამ საერთოდ დააჩქარა ყველაფერი. ოთხი დღის წინ მქონდა გადაღებული, მას შემდეგ უკვე 3-4 სანტმეტრით პლინტუსი კედელს მოშორდა.  ერთიანად ჩავიხოცებით აქ ალბათ ყველა და ალბათ დარჩებათ მერე ეს მიწა მათ“, – ამბობს ავარიულ კორპუსში მცხოვრები შორენა მახარაძე.

ავარიული კორპუსი თბილისის მერიის ბალანსზეა. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ახალი კორპუსის აშენებას წლებია ჰპირდებიან, ტერიტორიაც გამოყოფილია, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.

„ეს ოთახები ჩვენ გვაქვს გაფორმებული, მოტყუებით, მაშინ 2009 წელს. იმის შემდეგ დევნილთა სამინისტრომ დაიფერთხა ჩვენგან ხელები, აღარ ვეკუთვნით. შემდეგ მერიის ბალანსზე ხართო. მოდიან ესენი, გვეუბნებიან, აი, გადაგვყავხართ კაპანაძის ქუჩაზე. ახლა იწყება, ახლა იწყება ეს მშენებლობაო, მაგრამ არ დასრულდა უკვე მეხუთე წელია. არც დაწყებულა მშენებლობა, ცარიელი მიწა არსებობს მხოლოდ“, – ამბობს შორენა მახარაძე.

ადგილობრივები ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend