მთავარიგადაცემებინამდვილი ეკონომიკაევროკავშირის დახმარების ფონდის დაფინანსება ესპანეთის ეკონომიკის გარდაქმნას უწყობს ხელს

ევროკავშირის დახმარების ფონდის დაფინანსება ესპანეთის ეკონომიკის გარდაქმნას უწყობს ხელს

ევრონიუსი ამ კვირაში ესპანეთს ეწვია –  პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის დახმარების ფონდიდან თანხა მიიღო.

ვესაუბრეთ ესპანეთის ფინანსთა მინისტრ ნადია კალვინოს იმ რეფორმებზე, რომელთა გატარებაც ქვეყანამ იკისრა. ასევე შევხვდით სტუდენტებს ტენერიფედან, სადაც ფონდის თანხა პროფესიული სწაველების გავრცელებაზე იხარჯება.

ევროპის ეკონომიკის აღდგენა

პანდემიის კრიზისსს ევროკავშირმა სტიმულირების ისტორიული გეგმით უპასუხა, რომლის ბიუჯეტი 800 მილიარდზე მეტია.

ევროკავშირის სტიმულირების გეგმის ხერხემალი „გაჯანსაღებისა და გამძლეობის ფონდია“, რომელიც 720 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის სესხებისა და გრანტებისაგან შედგება – ეს თანხა ევროკავშირის ქვეყნებში უნდა ჩაიდოს, რაც ახალი სამუშო ადგილების, უფრო მწვანე და ციფრული მომავლის შექმნაზე დაიხარჯება.

ამ ფონდიდან დაფინანსების მისაღებად  ქვეყნებმა წარადგინეს ეროვნული გეგმები,  რომლებშიც წარმოდგენილია, თუ რა რეფორმებისა და საჯარო ინვესტიციების განხორცილებას აპირებენ ისეთ საკვანძო სფეროებსა და საკითხებში, როგორებიცაა მწვანე ტექნოლოგიები, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიები და ტრანსპორტი, ენერგოეფექტური შენობები, მეხუთე თაობის ინტერნეტი, განათლება და პროფესიული სწავლება. ევროკომისიამ უკვე დაამტკიცა 22 ქვეყნის მიერ წარდგენილი გეგმა.

ესპანეთს 70 მილიარდ ევროზე მეტი ეკუთვნის – ეს ყველაზე დიდი საჯარო ინვესტიციის გეგმაა ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში.

ქვეყანას უკვე გადაეცა 9 მილიარდი წინასწარი დაფინანსება საგანგებო ვითარების დროს, გასულ დეკემბერში კი 10 მილიარდი ევროს პირველადი  დაფინანსება მიიღო. კუნძულ ტენერიფეზე ადრიანის მსგავსი სტუდნეტები ახალ უნარებს ითვისებენ, რაც დასაქმებაში დაეხმარებათ.

„უნივერსიტეტში, როგორც წესი, ძირითადად თეორიას ასწავლიან და პრაქტიკა ნაკლებია“, – გვიხსნის ადრიან ლორენტე გარსია, გამოსახულებისა და ბგერის სპეციალობის სტუდენტი. „პროფესიული ტრენინგის სარგებელი ის არის, რომ ის სტაჟირების საშუალებას იძლევა. თუ მათ შენი მუშაობა მოეწონებათ და თანამშრომელი სჭირდებათ, აგიყვანენ. როგორ ვხედავ ჩემს მომავალს გადამზადების შემდეგ? იმედი მაქვს, რომ იმ სპეციალობით დავსაქმდები, რომელშიც გადამზადება გავიარე. მინდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  ვიმუშაო, ამერიკაში, გერმანიაში ან ინგლისში. სადმე სხვაგან მინდა მუშაობა“.

ასეთი ტრენინგცენტრები უკვე არსებობს ნაწილობრივ ევროპის სოციალური ფონდის  წყალობით, მაგრამ დახმარების ფონდიდან კიდევ 2 მილიარდი ევრო დაიხარჯება 135 ათასი პროფესიული სწავლების ტრენინგცენტრის შექმნაზე მთელ ესპანეთში.

ხორხე რივერო ანტუნია, პროფესიული სასწავლებლის CIFP CÉSAR MANRIQUE-ის დირექტორი ამბობს, რომ ფული უკვე იხარჯება  ტექნოლოგიისა და ბზინესის სწავლებაზე:

„ჩვენ ვიღებთ ევროპულ დაფინანსებას ევროპის სოციალური ფონდიდან, რომელიც პედაგოგების ხელფასებისა და უმუშევართა და დასაქმებულთა გადასამზადებელი კურსების ხარჯის 80 პროცენტს ფარავს. ევროპის დახმარების ფონდიდან კი მივიღეთ თანხა  საკლასო ოთახების ტექნიკური მოწყობისთვის, მეწარმეებისთვის და ასე შემდეგ. იმედი გვაქვს, რომ 2022 და 2023 წელსაც გაგრძელდება ეს დაფინანსება.“

ტექნოლოგიის განვითარება

მრავალი სამხრეთევროპული წევრი ქვეყნის მსგავსად, ესპანეთი სისტემატური უმუშევრობის პრობლემას განიცდიდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ასე რომ, სტუდენტებისთვის იმ უნარ-ჩვევების მიცემა, რომლებსაც დამსაქმებლები ითხოვენ, უმუშევრობის დასაძლევად ერთ-ერთი არსებითი საკითხია, განსაკუთრებით კანარის კუნძულებზე, სადაც ახალგაზრდების უმუშევრობა 52 პროცენტს შეადგენს.

ტურიზმი ტენერიფეს ეკონომიკის მთავარი ღერძია და ბიზნესის  მესამედი სწორედ ამ სექტორზე მოდის. მაგრამ არქიპელაგზე ტექნოლოგიური ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ზრდა სამომავლოდ  დასაქმების ახალ შესაძლებლობას ნიშნავს.

კარლოს როდრიგესი კომპანია  OMNIA INFOSYS-ის დამფუძნებელია. ეს კომპანია კანარის კუნძულებზე მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორსა და საჯარო სტრუქტურებს ციფრულ ტრანსფორმაციაში ეხმარება. მიუხედავად ახალგაზრდებში უმუშევრობის დიდი პროცენტისა, კარლოსი წუხს, რომ მისი კომპანია შესაბამისი კვალიფიკაციის მუსახელს ვერ შოულობს. თუმცა მომავალს მაინც ოპტიმისტურად უყურებს:

„ამ წუთას ვერ ვხედავთ ისეთ მუშახელს, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს დააკამყოფილებს, ყოველ შემთხვევაში კანარის კუნძულებსა და ზოგადად ესპანეთში არ არის. ჩვენ რაც გვჭირდება, იმ უნარებს სრულად არავინ ფლობს. ეს სექტორი სწრაფად იზრდება და დიდი მოთხოვნა იქნება,  სულ უფრო მეტი სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე ხალხი დაგვჭირდება, რადგან მოთხოვნა პანდემიის დაწყების შემდეგ წარმოუდგენლად გაიზარდა. ბოლო ორ წელიწადში ზრდა გასამმაგდა და გაოთხმაგდა.  და ეს გაგრძელდება. ევროპაში, ფაქტობრივად, რამდენიმე მილიონი ვაკანსიაა ამ სექტორში.“

ესპანეთის ეკონომიკა გარდაქმნის გზაზე

ევროკავშირის დახმარების ფონდი პროფესიული გადამზადების ახალ ცენტრებს აფინანსებს, მაგრამ საქმე მხოლოდ ფული არ არის. დაფინანსება რომ მიეღო, ესპანეთმა რამდენიმე სოციალური რეფორმა გაატარა, რომელთა მიზანიც პროფესიული სწავლების ეკოსისტემის განახლება, ასევე გენდერული სახელფასო სხვაობის შემცირება იყო.

ამჟამად ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც მუშაობენ სოციალურ რეფორმებზე, რათა დახმარების ფონდიდან კუთვნილი დაფინანსება მიიღონ. ესპანეთის აღდგენსი ეროვნულ გეგმასა და მიზნებზე, თუ როგორ აპირებს ეს ქვეყანა ევროკავშირის დახმარების ფონდიდან მიღებული თანხების ათვისებას, „ევრონიუსი“ ესპანეთის მთავრობის ვიცე-პრეზიდენტსა და ეკონომიკისა და გაციფრულების მინისტრს ნადია კალვინოს ესაუბრა.

„ევრონიუსი“: ესპანეთმა თითქმის 70 მილიარდი ევრო უნდა მიიღოს ფონდიდან. ეს უპრეცედენტო თანხაა.  რას ნიშნავს ეს ესპანეთისა და მისი ეკონომიკისთვის?

ნადია კალვინიო, ესპანეთის მთავრობის ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკისა და გაციფრულების მინისტრი:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ესპანეთის აწმყოსთვის, ისე მომავლისთვის, მომავალი თაობისთვის. ჩვენი ეკონომიკის აღდგენის გეგმას ოთხი აქცენტი აქვს: ეკოლოგია, ციფრული სექტორი, სოციალური და ტერიტორიული წონასწორობა და გენდერული თანასწორობა – ეს უკანასკნელი ყველა პროგრამას ამოძრავებს. ციფრულ მიმართულებაზე მთლიანი ინვესტიციების 30 პროცენტია გათვალისწინებული.

„ევრონიუსი“:  რასაკვირველია, ამ ყველაფერს სტრუქტურული რეფორმები სჭირდება.  რამდენად რთული იყო ყველა პირობის დაკმაყოფილება?

ნადია კალვინიო, ესპანეთის მთავრობის ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკისა და გაციფრულების მინისტრი:

„ეს პროცესი მძიმე და დაძაბული იყო. თავიდან, ცოტა არ იყოს, საცდელი კურდღლის მდგომარეობაში ვიყავით. კომისიასთან ერთად ვსწავლობდით, თუ როგორ უნდა განგვეხორციელებინა ეს უპრეცედენტო მასშტაბის აღდგენის გეგმა. რაც შეეხება რეფორმებს, ეს პროცესი ჯერ კიდევ 2021 წელს დავაჩქარეთ, ახლა მთავარი გამოწვევა ის არის, რომ დავასრულოთ პარლამენტში შეჩერებული საკითხები და არ შეწყდეს იმ დაფინანსების შემოდინება, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო.

„ევრონიუსი“: დარწმუნებული ხართ, რომ  ადმინისტრაციული რესურსი გეყოფათ?

ნადია კალვინიო, ესპანეთის მთავრობის ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკისა და გაციფრულების მინისტრი:

ეს ნებისმიერი ადმინისტრაციისთვის დიდი გამოწვევაა. ესპანეთი კი დიდი და რთული ქვეყანაა. ჩვენი ადმინისტრაცია მრავალი შტოსგან შედგება. ამიტომ ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ მართვის სტრუქტურა და გავაძლიეროთ უკვე არსებული მექანიზმები.  უახლოეს რამდენიმე კვირაში ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ გეგმებს განვახორციელებთ, მაგალითად, როგორიცაა ელექტრომობილებსა და მაღალტექნოლოგიურ ავტომობილებზე გადასვლა.

„ევრონიუსი“: რამდენად დიდია ისეთი პროფესიული გადამზადების პროექტების როლი უმუშევრობის შემცირებაზე, როგორიც, მაგალითად, გიიომის რეპორტაჟში ვნახეთ?

ნადია კალვინიო, ესპანეთის მთავრობის ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკისა და გაციფრულების მინისტრი:

ჩემი აზრით, პროფესიული გადამზადება შრომის ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესების ერთ-ერთი გასაღებია. ჩვენთან უმუშევრობა 13.3 პროცენტით შემცირდა. და ეს კარგი საფუძველია სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, განსაკუთრებით იგულისხმება შრომის ბაზრის რეფორმა და  მნიშვნელოვანი ინვესტიციები  განათლებაში, პროფესიული გადამზადება,  სიცოცხლის განმავლობაში სწავლება, რაც ესპანეთს საშუალებას მისცემს, რომ საბოლოოდ გადაჭრას ზოგიერთი დაბრკოლება, რომლებიც წლების განმავლობაში უშლიდა ხელს განვითარებასა და კეთილდღეობას.“

ავტორები: ნაომი ლოიდი და გიიომ დესჟარდინსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend