მთავარისაქართველოპარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობის ორივე კანდიდატს უყრის კენჭს

პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობის ორივე კანდიდატს უყრის კენჭს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს, 14 თებერვალს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობის ორ კანდიდატს, კარლო კაციტაძეს და ემზარ გაგნიძეს უსმენდა. საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორივე კანდიდატს უყრიან კენჭს. კანდიდატებიდან ორივე ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანის არჩევის შემთხვევაში უწყების დამოუკიდებლობა გარანტირებული იქნება.

“დამოუკიდებლობა ის ძირეული ცნებაა ჩემთვის, რაც პირდაპირ ჩემ პიროვნებასთან არის კავშირში. ჩემივე განვლილი საქმიანობიდან გამომდინარე სწორედ ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის ხარისხია ერთ-ერთი განმსაზღვრელი და წინა პლანზე წამოწეული, რაც მე მაძლევს იმ პროფესიონალიზმის აღიარების უფლებას, რომ საკუთარ თავს ვუწოდო შემდგარი იურისტი. შესაბამისად ვფიქრობ, რომ მთელი საქმიანობის განმავლობაში ვიქნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“, – ამბობს ერთ-ერთი კანდიდატი ემზარ გაგნიძე.

„თუკი პარლამენტი არჩევანს გააკეთებს ჩემზე და ამ საქმიანობას შევუდგები, მექნება ჩემი ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოხდეს დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაზრდა. ასევე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ სწრაფი რეაგირება უნდა მოხდეს მომხდარ არასათანადო ფაქტებზე, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დანაშაულის პრევენციის მიმართულებით საგამოძიებო ორგანოს აქტიური მუშაობა“,- ამბობს ერთ-ერთი კანდიდატი კარლო კაციტაძე.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ორივე კანდიდატი შეეფერება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, შერჩევის პროცესში მონაწილე არცერთ პირს, მათ შორის არც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის ოფისს პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გასჩენიათ.

„ყველას, როგორც ოპოზიციონერ დეპუტატებს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდათ სრული შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები ყველა მიმართულებით. მე მათ მივეცი იმის შესაძლებლობა, რომ ყველა მათთვის საინტერესო საკითხი ყოფილიყო გაჟღერებული. ასევე კანდიდატებმა მაქსიმალურად ამომწურავად და დეტალურად გასცეს პასუხი მათ. ჩვენ დავინახეთ ის, რომ ვერც ერთი ფაქტი თუ მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რაც გაამართლებდა იმას, რომ მათ არ დაუჭირეს ორივე კანდიდატს მხარი“,  – მიიჩნევს ანრი ოხანაშვილი.

ოპოზიციაში კი თვლიან, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამდებობაზე წარდგენილი ორივე კანდიდატი მმართველი პარტიის სასარგებლოდ არის მიკერძოებული. ძირითადი საპარლამენტო ოპოზიცია კანდიდატების მხარდაჭერას არ აპირებს.

„ორივე კანდიდატი არის მიკერძოებული. შესაბამისად ჩვენი ფრაქცია ვერც ერთს ვერ დაუჭერს მხარს. ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ ეს არ იქნება პოზიტიური კენჭისყრა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

„რაც მოხდა სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვეულებრივი იერიში უმრავლესობის მხრიდან. დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ არის ამ პროცესის გაგრძელება, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“,- ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი.

კანდიდატების მოსმენას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ კანდიდატების მიმართ კითხვები პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„კვალიფიკაციის მხრივ ჩვენ კითხვები არ გვქონია იმიტომ, რომ ორივე კანდიდატი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურაში მაღალ თანამდებობებზე და ბუნებრივია, რომ ამ ადამიანებს აქვთ სათანადო განათლება უშუალოდ ამ მიმართულებით. რაც შეეხება პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, ჩვენ ვერ მოვისმინეთ პასუხები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება დაიძლიოს საპოლიციო თვითნებობის პრობლემები“, – ამბობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე.

პლენარული სხდომა, სადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ორ კანდიდატს უნდა ეყაროს კენჭი 15 თებერვალს გაიმართება. მათგან ერთ-ერთი პარლამენტმა 6 წლის ვადით უნდა აირჩიოს.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend