კანადის პოლიციამ მომიტინგეებისგან გაათავისუფლა ამბასადორის ხიდი, რომელიც კანადას შეერთებულ შტატებთან აკავშირებს. ამით დასრულდა ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სავაჭრო მარშრუტის ექვსდღიანი ბლოკადა. ადგილზე მხოლოდ რამდენიმე მომიტინგე დარჩა. პოლიციამ დაარწმუნა აქციის მონაწილეები, გაეყვანათ თავიანთი ავტომობილები და გაეხსნათ ხიდი, რომელზეც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის 25 პროცენტი გადის.
ამავდროულად, კანადის დედაქალაქ ოტავაში უკვე მესამე კვირაა, რაც საპროტესტო აქციები იმართება. თუმცა ქალაქის მერთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აქციის მონაწილეები დასახლებულ ადგილებს მომდევნო 24 საათში დატოვებენ. აქცია „თავისუფლების კონვოი“, როგორც მას უწოდებენ, პირველად სატვირთო მანქანების მძღოლებმა დაიწყეს, ისინი შეერთებულ შტატებში შესასვლელად სავალდებულო ვაქცინაციას ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა დემონსტრაციებმა ბოლოს კოვიდსაწინააღმდეგო და ანტისამთავრობო ხასიათი მიიღო. ხიდთან და სხვა ადგილებში გამართული პროტესტი კი მთელ ქვეყანას მოედო და მის საზღვრებსაც გასცდა.