მთავარი საქართველო ჯანდაცვის მინისტრი: "ომიკრონის“ პიკს ქვეყანა რამდენიმე დღეში გადაივლის და შემდეგ შემთხვევები დაიკლებს

ჯანდაცვის მინისტრი: “ომიკრონის“ პიკს ქვეყანა რამდენიმე დღეში გადაივლის და შემდეგ შემთხვევები დაიკლებს

საქართველოს კოვიდკლინიკებში სულ 9 ათასამდე საწოლია, საიდანაც 6 202 ამ დროისთვის დაკავებულია

საქართველოში კორონავირუსის 171 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. მათგან 6 ათასზე მეტი კოვიდკლინიკაშია, 1 400-ზე მეტი კი კოვიდსასტუმროში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დანარჩენი ინფიცირებულები კოვიდ-19-ის მსუბუქად მიმდინარეობის გამო სახლში მკურნალობენ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოში ახლა „ომიკრონის“ პიკია. ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები კი რამდენიმე დღეში კლებას დაიწყებს.

საქართველოში არსებულ კოვიდკლინიკებში სულ 9 ათასამდე საწოლია. ამ დროისთვის კი 6 ათასზე მეტი დაკავებულია. ჯანდაცვის სამინისტროს პირველი პირები ამბობენ, რომ ქვეყანა პანდემიის მეექვსე ტალღას კარგად უმკლავდება და კლინიკურ სექტორში პრობლემები არ აქვთ.

„რაც შეეხება ოჯახის ექიმებს, მათ დაკავშირებას და უკუკავშირს, ისინი მაქსიმალურად მობილიზებული არიან, 2500-ზე მეტი ოჯახის ექიმია ჩართული. ისინი ცდილობენ, განაწილების მიხედვით პაციენტებს დაუკავშირდნენ და უკუკავშირი ჰქონდეთ. რადგანაც აქტიური 200 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს, იქაც პრიორიტეტულად უკავშირდებიან მათ, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ყველა პაციენტს იმ ძველი მოცემულობით, ყოველ მეორე დღეს რომ ურეკავდნენ, ახლა ვერ დაუკავშირდნენ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამატებითი ანუ ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთება. მასთან ერთად კი იმ რეგულაციების დაცვა, რომლებიც მსოფლიოში პანდემიის დაწყების დღიდან მოქმედებს.

„არის რამდენიმე კვლევა, რომელთა თანახმად, „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვინც არ არის აცრილი, რომ აიცრას. ხოლო ვინც ორი დოზით არის ვაქცინირებული, გაიკეთოს ე.წ. ბუსტერდოზა“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

საქართველოში „ომიკრონის“ შემდეგ მისი ქვეშტამებიც გავრცელდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიდვითარება ქვეყანაში კვლავ საყურადღებო რჩება.

„საფრთხე ჯერჯერობით ისევ არის. მიუხედავად იმისა, რომ პიკი ალბათ გადავლილია, მოგეხსენებათ, ინფიცირებულთა რა რაოდენობაა. შესაბამისად, იმის რისკი, რომ აუცრელ პირებში ინფიცირება შეიძლება მძიმედ წავიდეს, მაინც არსებობს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი რეკომენდაციების თანახმად, ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული კვლავ მაღალი რისკის ჯგუფები უნდა იყოს. ამ ჯგუფებში შედიან 65 წლის ან უფრო ასაკოვანი პირები. ამიტომ წახალისების პროგრამებიც გათვლილი იქნება მაღალი რისკის ჯგუფებზე. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდებში ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთებისთვის ფინანსური წახალისება არ იგეგმება“, – განმარტა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მსოფლიოში არსებული რამდენიმე კვლევა ადასტურებს, რომ  „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ იმუნიტეტი ადამიანის ორგანიზმში მალე სუსტდება, ამიტომ რეინფიცირების ალბათობა ძალიან მაღალია. თუმცა ჯერჯერობით საქართველოში „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ „ომიკრონისქვეშტამით დაინფიცირების შემთხვევები ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend