მთავარიევროპაუკრაინაენტონი ბლინკენი: მოსკოვი უკრაინას შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაესხას თავს

ენტონი ბლინკენი: მოსკოვი უკრაინას შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაესხას თავს

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ფლოტის ორი სადესანტო ხომალდი სევასტოპოლის პორტში შევიდა. სამხედრო ფლოტის სადესანტო ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლის შემდეგ მოსკოვმა ფართომასშტაბიანი საზღვაო წვრთნები დაიწყო რომელშიც 140 ხომალდი და 10 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს. პარალელურად ბელარუსის ტერიტორიაზე მოსკოვისა და მინსკის ერთობლივი რუსულ – ბელარუსული სამხედრო მანევრები იმართება.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ნორმანდიის ოთხეულის ფორმატში გამართული ბოლო შეხვედრა ბერლინში უშედეგოდ დასრულდა. უკრაინელი, რუსი, გერმანელი და ფრანგი დიპლომატების შეხვედრამ 9 საათს გასტანა, რუსი დიპლომატის დმიტრი კოზაკის განცხადებით, კიევმა უარი განაცხადა სეპარატისტებთან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე და შესაბამისად პროცესი ჩიხშია შესული.

“უკრაინის პოზიცია კომპრომისს არ ითვალისწინებს. ხელშეკრულების სამუშაო ვერსიაში საუბარი იყო მინსკის შეთანხმების საფუძველზე დონბასის რეგიონისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე, მაგრამ კიევმა ამ საკითხის განხილვა არც ისურვა“, – მიიჩნევს რუსი დიპლომატი დმიტრი კოზაკი.

კიევში კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტყვია წამლითა და სხვა სამხედრო რესურსებით დატვირთული კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩავიდა. ვაშინგტონის სამხედრო მხარდაჭერა კიევისადმი 200 მილიონ ამერიკულ დოლარის ღირებულების 130 ტონა ტყვია წამლის და იარაღის მიწოდებას გულისხმობს, მათ შორის ანტი სატანკო იარაღისაც.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მოსკოვი უკრაინას შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაესხას თავს, ამერიკელი დიპლომატი აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს.

“ვხედავთ ესკალაციის საშიშ ნიშნებს, ყოველდღე უფრო და უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იყრის თავს უკრაინის სახელმწიფო საზღვრებთან. თავდასხმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს, მათ შორის ოლიმპიადის მიმდინარეობისას. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინაში საელჩოს თანამშრომელთა გეგმიურ ევაკუაციას, ეს პროცესი გაგრძელდება და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორია დატოვონ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

უშედეგო დიპლომატიური პროცესის ფონზე უკრაინის გარშემო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend