უკრაინის ირგვლივ დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც რუსეთის საზღვაო ფლოტის ექვსი სადესანტო გემი ხუთშაბათს სევასტოპოლში ჩავიდა. მომავალ კვირას შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში რუსეთი სამხედრო წვრთნებს იწყებს.
რუსეთმა და ბელარუსმა ხუთშაბათს ერთობლივი სამხედრო სახმელეთო წვრთნები დაიწყეს, რამაც მოსკოვსა და დასავლეთს შორის შექმნილი ვითარება უფრო დაძაბა. უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა 100,000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა.
ფარტომასშტაბიანი წვრთვნებისთვის რუსული გემების მობილიზაციამ უკრაინაში გაღიზიანება გამოიწვია. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა, ხოლო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ძალადობისკენ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა კრემლში მიაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, პრობლემა დიპლომატიური გზით გადაჭრან.
„მოლაპარაკებები ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან გრძელდება როგორც ღია, ისე დახურულ ფორმატში. ნატოსა და ვაშინგტონისთვის პასუხს ვამზადებთ. საფრანგეთის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ კიევთან, ევროპის ქვეყნებთან და ამერიკელ პარტნიორებთან დამატებითი კონსულტაციებს შემდეგ მოპაპარაკებებს ისევ დავუბრუნდებით,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი მოსკოვს ეწვია, ხოლო პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პოლონეთში ჩავიდა. იგი შეჰპირდა პოლონეთის მთავრობას, რომ ქვეყანაში ბრიტანელ ჯარისკაცებს გაგზავნის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლონეთში ჯარისკაცები უკვე გამოუშვა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება გაძლიერება.
„პუტინის პოლიტიკური მიზანი ნატოს დაშლაა. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორი ერთიანია ნატო. რომ ჩვენ ერთად ვდგავართ და ნატოს აღმოსავლეთით შექმნილ დაძაბულობას სათანადოდ ვაანალიზებთ,“ – ამბობს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი.
ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო აღჭურვილობას რუმინეთში აგზავნის. ხოლო დიდმა ბრიტანეთმა სამხედროები ესტონეთში განათავსა. ნიდერლანდები კი დამატებით ჯარისკაცებს ლიეტუვაში გააგზავნის.
ბალტიის ქვეყნები, რომლებსაც საბჭოთა მმართველობის საერთო გამოცდილება აქვთ, ახლა უკრაინის დაძაბულობის ფონზე, თავს განსაკუთრებით დაუცველად გრძნობენ. სწორედ ამიტომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ალიანსის ერთიანობას გაუსვა ხაზი.
„ამ კრიტიკულ სიტუაციაში, რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენ ყველანი, ევროკავშირიც და ნატოც, ერთად ვართ,“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
დასავლეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინა კვლავ ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხშაბათს ბელარუსის საზღვართან სამხედრო წვრთნები ჩაატარეს. უკრაინა ასევე ამზადებს რეზერვისტებს და ნებისმიერ სამოქალაქო პირს, რომელთაც სამშობლოს დაცვა სურთ.