მთავარი საქართველო პოსტკოვიდური სიმპტომები

პოსტკოვიდური სიმპტომები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბროშურას აქვეყნებს, სადაც განხილულია კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ თვითმკურნალობის გზები

COVID-19-მა შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები და სიმპტომები, რომლებიც ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს 12 კვირაზე მეტხანსაც კი. პოსტკოვიდურ მდგომარეობას ახლა ხანგრძლივ კოვიდს ან პოსტკოვიდურ სინდრომს უწოდებენ. სიმპტომები, როგორც წესი, მსუბუქდება დროთა განმავლობაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბროშურას აქვეყნებს, სადაც განხილულია კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ თვითმკურნალობის გზები. ესენია:

გაძნელებული სუნთქვის მართვა; ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში; ენერგიის დაზოგვა; ხმასთან, ყლაპვასთან, კვებასთან, მეხსიერებასა თუ აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე არის საუბარი წითელ ნიშნებზე, რომელთა შემთხვევაშიც ექიმის გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს.

როგორ უნდა მართოს ადამიანმა პოსტკოვიდური სუნთქვის გაძნელება. სუნთქვის უკმარისობა გავრცელებული სიმპტომია კორონავირუსის გადატანის შემდეგ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვარჯიშისას ან კიბეზე ასვლის დროს სუნთქვის გაძნელება ნორმალურია, მაგრამ მდგომარეობა აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს დატვირთვის მოხსნიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში.

ჯანმოს რეკომენდაციით, სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში ადამიანს მდგომარეობა შეუმსუბუქდება, თუ მუცელზე დაწვება, გვერდულად წოლის შემთხვევაში თავი და კისერი ზემოთ უნდა ასწიოს.  მჯდომარე პოზიციაში ყოფნისას სუნთქვის უკმარისობის მოსახსნელად კარგია, თუ  წინ გადაიხრება და მაგიდას დაეყრდნობა. ასევე ვერტიკალურ პოზიციაში დგომის დროს ადამიანი ზურგით კედელს უნდა მიეყრდნოს ან წინ გადაიხაროს და  ფანჯრის რაფას ან რამე მყარ ზედაპირს დაეყრდნოს.

რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობასა და ვარჯიშს – COVID-19-ით ავადობისას საავადმყოფოში ან სახლში გატარებულმა ხანგრძლივმა პერიოდმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სიძლიერისა და ტონუსის მნიშვნელოვანი დაქვეითება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მის აღსადგენად ყველაზე  მნიშვნელოვანია ვარჯიში. თუმცა, ის უნდა იყოს უსაფრთხო და მართული COVID-19-ის სხვა სიმპტომებთან ერთად. ვარჯიში პირმა უნდა დაიწყოს მინიმალური აქტივობით. მაგალითად, მუხლის გაშლით, ხელის მაღლა აწევით, სკამიდან წამოდგომით ან ქუსლების აწევით. მინიმალური აქტივობის შემდეგაც კი შესაძლებელია, რომ იგრძნოს დაღლილობა და სხვა სიმპტომების გაუარესება. ჯანმოს ინფორმაციით, არც ერთი ვარჯიში არ უნდა იყოს მტკივნეული. თუ რომელიმე მათგანის შესრულებისას იგი იგრძნობს ტკივილს გულმკერდის არეში, სისუსტეს ან თავბრუსხვევას, დაუყოვნებლად უნდა შეწყვიტოს ვარჯიში. ვარჯიშის განახლებამდე კი გაიაროს კონსულტაცია ექიმთან.

დაღლილობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ. ჯანმოს ინფორმაციით, კოვიდის გადატანის შემდეგ შესაძლოა ადამიანმა აღმოაჩინოს, რომ დაღლილობისას უჭირს ფიქრი, კონცენტრირება ან ახალი ინფორმაციის მიღება. ამიტომ აუცილებელია, ამ სიმპტომის არსებობის შემთხვევაში დაგეგმოს აქტივობები და თავს ძალა არ დაატანოს. უნდა დარწმუნდეს, რომ არსებულ ენერგიას უთმობს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან აქტივობას, ანუ მიანიჭოს პრიორიტეტები და დაგეგმოს საქმიანობა ისე, რომ საქმეები გადაანაწილოს რამდენიმე დღეზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ერთ დღეში ყველაფრის შესრულება დაუშვებელია. საქმესთან ერთად, კი ასევე მნიშვნელოვანია დასვენების დაგეგმვაც.

ხმასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც ერთ-ერთი პოსტკოვიდური სიმპტომია, განსაკუთრებით ომიკრონის შტამით ინფიცირებულებს აწუხებთ. ჯანმოს რეკომენდაციით, იმ შემთხვევაში, თუ პირს ეს კონკრეტული პოსტკოვიდური სიმპტომი აქვს, დღის განმავლობაში უნდა მიიღოს ბევრი წყალი. ასევე უნდა მოერიდოს ხმის დაძაბვას, ჩურჩულს, მაღალ ტონალობაში საუბარსა და ყვირილს. თუ საუბარი უჭირს, ჯანმოს რჩევით, უნდა გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებები. ასევე ხმასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირი უნდა მოერიდოს ღამით ჭამას. ყელის სიმშრალესთან გასამკლავებლად კი ჯანმო ორთქლის ინჰალაციას უწევს რეკომენდაციას. პირმა პირსახოცი თავზე უნდა გადაიფაროს და მდუღარე წყლით სავსე თასიდან შეისუნთქოს ორთქლი რამდენიმე წუთის განმავლობაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ბროშურაში საუბარია გახანგრძლივებული ხველის შესახებაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, თუ ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პირს კვლავ გაუგრძელდება ხველა, უნდა ისუნთქოს ცხვირით და არა პირით. ამასთან უნდა მიიღოს ნაკლებშაქრიანი პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ ხველა ღამით დაიწყო, ჯანმოს ინფორმაციით, სასურველია გვერდზე დაწოლა და ბალიშების გამოყენება, ისე, რომ თავი ზემოთ იყოს აწეული. ასევე ჯანმომ გამოაქვეყნა „ხველის შეჩერების ვარჯიშიც“. პირმა დახველების წინ პირი უნდა დახუროს, ხელი აიფაროს და რამდენიმე წამით სუნთქვა შეიკავოს. პაუზის შემდეგ კი კვლავ ცხვირით ისუნთქოს.

მათ, ვისაც ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ურჩევს, რომ ჭამის დროს ყოველთვის მჯდომარე პოზიციაში იყვნენ. აკრძალულია წამოწოლა და საკვების ისე მიღება. ამასთან, სასურველია, ჭამიდან 30 წუთის განმავლობაში ვერტიკალურ მდგომარეობაში გაჩერდეს. ჯანმოს მიერ გამოქვეყნებულ ბროშურაში ნათქვამია, რომ ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პირებმა უნდა სცადონ სხვადასხვა ტიპის საკვების მიღება, რათა განსაზღვრონ, რომელი საკვების გადაყლაპვა იქნება უფრო მარტივი. ასევე მნიშვნელოვანია საკვების მცირე ულუფებით მიღება.

მათ, ვისაც კორონავირუსის გამო კვებასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა,  ჯანმოს ურჩევს, რომ დაიცვან ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტა, რომელიც გულისხმობს ხილისა და ბოსტნეულის მიღებას დღეში მინიმუმ 5-ჯერ. ამ სიმპტომის დროს ასევე კარგია რძის ან მისი შემცვლელი პროდუქტების მიღება, დიდი რაოდენობით წყლის დალევა და მარილის, ცხიმისა და შაქრის რაოდენობის შემცირება.

კორონავირუსის გადატანის შემდეგ უამრავი ადამიანი უჩივის ყნოსვისა და გემოს დაქვეითებას.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ასეთ დროს აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა, ყნოსვის ვარჯიშების ჩატარება, მაგალითად, კარგია, თუ ლიმონს დაყნოსავენ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში, დღეში ორჯერ. ასევე ჯანმოს რეკომენდაციაა ისეთი მწვანილისა და სანელებლების დამატება საკვებში, როგორებიცაა წიწაკა, ლიმონის წვენი და ასე შემდეგ.

რაც შეეხება მეხსიერების, ყურადღებისა და აზროვნების პრობლემების მართვას, ამ პოსტკოვიდური სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია პირმა შეამციროს ის ფაქტორები, რომლებიც ყურადღებას უფანტავს. მაგალითად, სასურველია წყნარ გარემოში მუშაობა. სურვილის შემთხვევაში ყურის საცობების გამოყენება. ასევე მნიშვნელოვანია ხშირად დასვენება, გონივრული მიზნებისა და ამოცანების დასახვა და განრიგის წარმოება. კარგი იქნება, თუ ამ პოსტკოვიდური სიმპტომის დროს, იგი გამოიყენებს წახალისების სისტემას. მიზნის მიღწევის შემთხვევაში დააჯილდოებს საკუთარ თავს. ჯანმოს რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი დავალების შესრულება. კარგია ჩანაწერების, დღიურისა თუ კალენდრის წარმოება. ტვინის სავარჯიშოები კი მნიშვნელოვნად ეხმარება მეხსიერებას აღდგენაში. მაგალითად, კარგია  სიტყვებით ან რიცხვებით თამაში.

და ბოლოს, წითელი ნიშნები გულისხმობს, რომ ავადმყოფის მდგომარეობა ექიმის გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს. ჯანმოს ინფორმაციით, არსებობს გარკვეული სამედიცინო გართულებები, რომლებიც შესაძლოა პოსტკოვიდური მდგომარეობის დროს წარმოიშვას და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო შემოწმებას. ექიმთან დაკავშირება აუცილებელია შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:

აქტივობის დროს სუნთქვის გაძნელება, რომელიც არ უმჯობესდება ზემოთ ნახსენებ არც ერთ  პოზიციაში და არც მოსვენებულ მდგომარეობაში;

ტკივილი გულმკერდის არეში;

გულისცემის გახშირება ან თავბრუსხვევა გარკვეულ პოზიციაში ან ვარჯიშისა და სხვა აქტივობის დროს;

ცნობიერების დაქვეითება;

შეფერხებული საუბარი, როდესაც წარმოთქმულის გააზრებაც უჭირს ადამიანს;

სისუსტის შეგრძნება სახის, მკლავის ან ფეხის არეში, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს;

შფოთვა და ასე შემდეგ.

თუ პირს ეს ან მსგავსი სხვა სიმპტომები აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს პირად ექიმს ან სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend