მთავარი ფოკუსი დუბაის ახალი სამუშაო კვირა

დუბაის ახალი სამუშაო კვირა

არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობა სამუშაო კვირის შემცირებას აპირებს, რათა ქვეყანაში პროდუქტიულობა გაიზარდოს და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. ამ სტრატეგიიდან დუბაი დიდ სარგებელს ელოდება. მეორე მხრივ, გლობალურ ბაზრებს რომ უკეთ მოერგოს და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა  უქმე დღეები ტრადიციული პარასკევი-შაბათიდან შაბათ-კვირაზე გადაიტანა.

აბდულა ალი რაშიდ ალ-ნუაიმი, არაბთა გაერთიანებული საამიროების  შრომის მინისტრის თანაშემწე ამბობს, რომ ახალი მიდგომა ზედმიწევნით შეისწავლეს, რათა საზოგადოების ყველა ფენამ ისარგებლოს. „თუმცა, როგორც ჩანს, ახალი სამუშაო კვირით ყველაზე მეტად ბიზნესი იხეირებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეს ძალიან სასარგებლო იქნება დასაქმებულებისა და მათი ოჯახებისთვის.  მთელ მსოფლიოში მოქმედი სამუშაო კვირის შემოღებით ჩვენ საშუალებას ვაძლევთ საამიროებში მცხოვრებ უცხოელებს, რომ უკეთ დაუკავშირდნენ  უცხოეთში საკუთარ ოჯახებს და დასვენებაც ამის მიხედვით დაგეგმონ. გამონაკლისი არც ბიზნესსექტორი იქნება, რასაკვირველია, რომელიც აუცილებლად ისარგებლებს საერთაშორისო სამუშაო გრაფიკზე გადასვლით, რაც გლობალურ ბაზრებთან რეალურ დროში დააკავშირებს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს მთელი საზოგადოებისთვის სასიკეთო იქნება,“ – განაცხადა მან.

გლობალურ ტენდენციაზე გადასვლა 2022 წელს დაიწყო და საჯარო სექტორსა და სკოლებში დაინერგა. მალე სიახლე ფინანსურმა ბაზრებმაც აითვისეს და დროთა განმავლობაში კერძო სექტორიც მიიღებს. დუბაიში მოქმედი საერთაშორისო ინსტიტუტები მიესალმნენ ახალ სამუშაო კვირას, რომელიც სხვა ქვეყნებთან ფინანსური, ეკონომიკური და სავაჭრო შეთანხმებების გამარტივებას ისახავს მიზნად.

სანტიაგო კასტილიო, კომპანია Roland Berger-ის პარტნიორი ამბობს, რომ მისმა კომპანიამ სიხარულით მიიღო ეს ინიციატივა, რადგან გლობალურ ბაზრებთან ურთიერთობა გამარტივდება.

„ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ გლობალურ დონეზე გათვლილი ჩვენი  ვირტუალური დისკუსიები ძირითადად პარასკევს იგეგმებოდა, რადგან ევროპაში პარასკევს ნაშუადღევი, როგორც წესი, შედარებით მსუბუქ დროდ ითვლება კლიენტებთან მუშაობის თვალსაზრისით. ჩვენ ამ შეხვედრებს ან ვერ ვესწრებოდით, ან უქმე დღეს გვიხდებოდა მუშაობა. ამიტომ ჩვენთვის ეს სიახლე ნამდვილად დიდი შეღავათია,“  – ამბობს სანტიოაგო.

მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც სამუშაო კვირა  შეადგენს ოთხ-ნახევარ დღეს, რომელიც ორშაბათს იწყება და პარასკევს შუადღეზე სრულდება. მსგავსი რამ სხვა ქვეყნებმაც სცადეს, მაგალითად, ისლანდიამ, სადაც დასაქმებულთა 85 პროცენტი კვირაში ოთხ დღეს მუშაობს.  შედეგად გაიზრდა პროდუქტიულობა და კეთილდღეობა. სწორედ ამას ისახავს მიზნად როგორც დუბაი, ისე მთლიანად არაბთა გაერთიანებული საამიროები.

სულ ახლახან გაერთიანებული სამეფოც შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც იმავე სტრატეგიის  დანერგვას აპირებენ, მათ შორისაა იაპონია, ესპანეთი და ახალი ზელანდია. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ახალი სამუშაო საათები სკოლებსაც შეეხოთ, სადაც გაკვეთილები პარასკევს დღის 12 საათზე სრულდება. ამ სიახლის დანერგვიდან უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ დუბაიში სკოლები მშვენივრად მოერგნენ ახალ გრაფიკს, ისე, რომ მათ სასწავლო გეგმის შეცვლაც არ დასჭირდათ.

კლარა ტერნბული, დუბაის გილდფორდის სამეფო გრამატიკული სკოლის [Royal Grammar School Guildford] დირექტორი:

„ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ კეთილდღეობას, ამიტომ სამუშაო კვირის შემცირება, რომელიც საშუალებას გვაძლევს  როგორც მოსწავლეებს, ისე სკოლის პერსონალს, რომ ჩვენს ოჯახებთან მეტი დრო გავატაროთ, ნამდვილად დიდი შვებაა. მართალია, ეს  სიურპრიზი იყო, მაგრამ ის  აიტაცეს როგორც სკოლის თანამშრომლებმა, ისე მოწაფეებმა. საკმაოდ მარტივად შევიტანეთ მცირე ცვლილებები ისე, რომ სწავლის პროცესი არ დაგვეზიანებინა, რადგან ნამდვილად არ გვინდა მისი გაუარესება. სწავლა სახალისო უნდა იყოს და ფართო სპექტრს მოიცავდეს. და ეს ყველაფერი ძალიან მცირე შესწორებებით მოვახერხეთ, რათა პედაგოგების ბავშვებთან ურთიერთობისთვის განკუთვნილი დრო შეძლებისდაგავარად შეგვენარჩუნებინა.“

მხოლოდ სკოლებს არ უხდებათ სიახლესთან შეგუება. ეს ოჯახებსაც შეეხოთ. ვინც დუბაიში დიდი ხანია ცხოვრობს, აღფრთოვანებულია იმით, რომ ოჯახს მეტ დროს დაუთმობს. ისინი ამბობენ, რომ შემცირებული სამუშაო საათები და შეცვლილი უქმე დღეები მნიშვნელოვნად აწონასწორებს მათ ცხოვრებას.

ედვინა ვიელი, დუბაის მცხოვრები, 4 შვილის დედა:

„ოჯახში წონასწორობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გვინდა, შვილებთან ვიყოთ,  შვილებსაც ვჭირდებით. ჩვენ მათთვის მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყოთ. ამიტომ მათთან ახლოს უნდა ვიდგეთ. მათ სჭირდებათ, რომ რთული დღის ბოლოს გვნახონ. ჩემი აზრით, მშობლების უმეტესობას უხარია შვილებთან ერთად ბედნიერად სადილობა, როცა12 საათზე  გაჰყავს   ბავშვები. ჩვენც გვჭირდება ენერგია, რომ პარასკევი ბავშვებთან ერთად გავატაროთ. ამიტომ მგონია, რომ უამრავი ხალხი ისარგებლებს ამით, რადგან პარასკევს ბევრი რამის მოსწრება შეიძლება. შეგიძლია, მაგალითად, მეგობრებთან ერთად წახვიდე სადმე სათამაშოდ ან სანაპიროს კლუბ  Dalston-ში გასართობად.  ჩემს შვილებს ამჟამად არ აქვთ თამაშის დრო. ამიტომ ნამდვილად შესანიშნავია, რომ ისინი მეგობრებთან დროის გატარებას შეძლებენ.“

პანდემიის ფონზე სულ უფრო მეტად გამოიკვეთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და მოქნილი სამუშაო საათების მნიშვნელობა მთელ მსოფლიოში. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადადგმული პროგრესული ნაბიჯი ნიშნავს, რომ ეს ქვეყნა გლობალურ ეკონომიკაში უკეთ ჩაერთვება და ამავე დროს საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობაზეც უკეთ იზრუნებს.

ავტორი: ლაურა ბაკველი

უახლესი

სხვა ამბები

დუბაიდუბაი

Send this to a friend