თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ნატოსა და მის მოკავშირეებს ექნებათ შესაბამისი პასუხი. ასეთია აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის უკომპრომისო გზავნილი გერმანიის ახალ კანცლერთან მოლაპარაკების შემდეგ. ოლაფ შოლცი თეთრ სახლში რუსეთ-უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით სოლიდარობის გამოსახატად ჩავიდა.
„დღეს მე და კანცლერმა ვისაუბრეთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ და შევიმუშავეთ სანქციების პაკეტი, რომელიც ნათლად ასახავს საერთაშორისო გადაწყვეტილებას, რომელიც დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაარღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს. თუ რუსეთის ტანკები და ჯარები კვლავ გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, მაშინ აღარ იქნება ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2″, ჩვენ ამას მივაღწევთ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
მას შემდეგ, რაც ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერი გახდა, ის პირველად ეწვია შეერთებულ შტატებს და კრიტიკაც დაიმსახურა, უკრაინაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებული რეაგირების გამო.
„როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ერთად ვიმოქმედებთ, ჩვენ საერთო პოზიციები გვაქვს და არ გადავდგამთ განსხვავებულ ნაბიჯებს. ეს ძალიან, ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის და ეს მათ კარგად უნდა გაიგონ”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
“ჩრდილოეთი ნაკადი 2” კი იმუშავებს იქამდე, სანამ ევროპის დიდი ნაწილი დამოკიდებულია რუსეთის ენერგომომარაგებაზე. თუ რუსეთი ევროპის ქვეყნებისთვის საწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგამს, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ახალი გადაწყვეტილებების მისაღებად.