მთავარიამბებისაქართველოს პარლამენტში შესაძლოა დეპუტატების რაოდენობა შემცირდეს

საქართველოს პარლამენტში შესაძლოა დეპუტატების რაოდენობა შემცირდეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტს დეპუტატების – შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს. კომიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება 7 თებერვლის სხდომაზე მიიღო. ელენე ხოშტარიას თავად სურდა პარლამენტის დატოვება, ხოლო შალვა ნათელაშვილს საკანონმდებლო ორგანოსთვის მუშაობის გაგრძელების სურვილით ოფიციალურად არ მიუმართავს. საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში, პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითია.

„ასეთი რამ არც ერთ ეპოქაში, არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდით. ხომ ნახეთ, როგორ ეშინიათ ჩვენი, როგორ ეშინიათ ერთი დეპუტატის. ვიდრე ეგონათ, რომ იქ არ შევიდოდი, გაცდენები საპატიოდ მიდიოდა, უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარიც მითხრეს. როგორც კი გაიგეს, რომ ჩვენ მოსახლეობაში გამოკითხვა დავიწყეთ შესვლა-არშესვლაზე, იმავე წუთს გამოგვეხმაურნენ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, ამჯერად საპროცედურო კომიტეტის დონეზე და აპირებენ ამის პარლამენტში გატანას“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, კომიტეტმა რეგლამენტის და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

„პარლამენტის წევრმა შესაბამისი სამართალდარღვევა უნდა ჩაიდინოს, იმისთვის, რომ მას შეუწყდეს უფლებამოსილება; სამართალდარღვევის ჩადენა სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს და იმავდროულად, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში უნდა იყოს შესული. ეს სამივე კრიტერიუმი სახეზეა. მაგრამ, მე ვერ გეტყვით საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. როცა შეწყვეტაზეა საუბარი, შეწყვეტას 76 ხმა სჭირდება. თეორიულად კომიტეტის ყველა წევრმაც რომ დაუჭიროს მხარი, შეიძლება უმრავლესობის წევრებს სხვა პოზიცია ჰქონდეთ, ანუ 76 ხმა ვერ მოგროვდეს. საკითხი, უახლოეს პლენარულ სესიაზე დადგება და დეპუტატების სრული შემადგენლობა მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა.

საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უნდა მიიღოს. თუ სამი დეპუტატი საპარლამენტო მანდატს კოლეგების გადაწყვეტილებით დაემშვიდობება, მეათე მოწვევის პარლამენტი არასრული შემადგენლობით – 150-ის ნაცვლად, 145 დეპუტატით გააგრძელებს მუშაობას.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend