მთავარიევროპაუკრაინაომიდან რვა წლის შემდეგ

ომიდან რვა წლის შემდეგ

იმ დროს, როდესაც მსოფლიო უკრაინაში რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის ემზადება, ქალაქ სლავიანკსში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს, ჯერ კიდევ იგრძნობა 8 წლისწინანდელი კონფლიქტის შედეგები. სლავიანსკში შეტაკებები 2014 წელს დაიწყო. სეპარატისტებს, რომელთაც რუსეთი უჭერდა მხარს, ქალაქის ხელში აღება სურდათ.

აქტივისტი ვლადა ლისენკო  იხსენებს, როგორ დაურეკა დედამ და უთხრა, რომ სლავიანსკი სეპარატისტებმა აიღეს.

ვლადა იმ დროს 15 წლის იყო და ახსოვს, როგორ მოაქციეს ქალაქი ალყაში.  პოლიციის შენობაში ფორმიანი და შეიარაღებული ხალხი იყო შეკრებილი. ყველგან საბურავები და ბარიკადები იყო. მოსახლეობა თავს არიდებდა მაღალსართულიან შენობებს, რადგან იქ სნაიპერები იყვნენ. ცდილობდნენ, გაშლილ სივრცეებს მორიდებოდნენ, რადგან არ იცოდნენ, საიდან შეიძლებოდა წამოსულიყო ტყვია.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თითქმის 3 თვე დასჭირდათ, რომ კვლავ მოეპოვებინათ კონტროლი. სეპარატისტებმა 100 კილომეტრით დაიწიეს უკან. სამხრეთიდან ისინი დღესაც აგრძელებენ შემოტევას.

მთელს რეგიონში 8 წლის წინ დაწყებული ომის კვალი ჯერ კიდევ არ წაშლილა. ყველაზე მეტად ამ კონფლიქტმა ადგილობრივ მოსახლეობაზე იმოქმედა.

უკრაინელი ჯარისკაცი რომანი 20 წლის იყო, როდესაც ფრონტის ხაზზე სნაიპერმა ესროლა. მისი დედა, ოლენა ნაპრიალო ამბობს,  რომ ის მორიდებული, მშვიდი ადამიანი იყო. მას სხვების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა. რომანი მორალურად მზად იყო, რომ უკრაინა დაეცვა. ამიტომ თავს ვალდებულად თვლიდა, ბრძოლაში ჩართულიყო.

მას შემდეგ 5 წელი გავიდა, თუმცა შვილის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი არ განელებულა. ოლენა ამაყობს, რომ რომანი სამშობლოს კეთილდღეობას შეეწირა. მისი თქმით, ახალგაზრდების გარდაცვალება სამწუხარო და მტკივნეულია, თუმცა უკრაინის დამოუკიდებლობა ამად ღირს.

თუმცა ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ უკრაინა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე თავისუფალი იმ დაუსრულებელი 10-წლიანი კონფლიქტისგან, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო და მხოლოდ დიდი ტკივილი  მოიტანა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend