აფხაზეთიდან დევნილმა მოქალაქეებმა კვლავ განაახლეს პროტესტი – ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან დღესაც შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს უსაფრთხო საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. ისინი ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს სთხოვენ ავარიული შენობებიდან დროულად მოახდინონ დევნილთა ევაკუაცია. აქციის მონაწილეებმა მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული წინადადებებით, თუმცა ამ დრომდე სამინისტრო მათ არ გამოხმაურებია.
“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ნგრევადი ობიექტებიდან სასწრაფოდ უნდა მოხდეს დევნილების გაყვანა. ისინი იმყოფებიან სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში. ასევე ადმინისტრაციული დაპირება უნდა მისცენ იმ დევნილებს, რომლებიც 29 წელია უკვე ქირით არიან და საერთოდ არანაირი დახმარება არ მიუღიათ ამ სახელმწიფოსგან. ასევე მოვითხოვთ 45 ლარიანი დახმარების საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას”,- განაცხადა ასოციაცია “დევნილები დევნილებისათვის” გამგეობის თავმჯდომარემ ირაკლი ტორუამ.
აქციის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს იმ შემწეობაზე, რომელიც მათ მთავრობისგან ყოველთვიურად ერიცხებათ. ისინი ამბობენ, რომ დახმარება, რომელიც 45 ლარს შეადგენს, არ არის საკმარისი. მით უფრო მაშინ, როცა ამ თანხის აღება ყველა მათგანს არ შეუძლია. დაწესებულია სახელფასო ზღვარი, ამასთან საზღვრის კვეთისა და სოციალური დახმარების მიღების შემთხვევაში, დევნილთა შემწეობა მათ აღარ გადაეცემათ.
“გვითხრეს, რომ სოციალური დახმარებისთვის ქულები არ გვყოფნიდა. ვერ ვხვდები რა ქულებზე საუბრობენ. 30 წელიწადია მინდორში ვცხოვრობ”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე იური შანავა.
“უკვე იძულებული ვარ, რომ არჩევანი გავაკეთო. უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან, სხვა გზა არ მაქვს. ამდენი წლის განმავლობაში ბინას არ გვაძლევენ. ჩემი შვილებიც საზღვარგარეთ წავიდნენ”, – განაცხადა აქციის მონაწილემ ნუგზარ გახოკიძემ.
იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა სურთ. მათი განცხადებით, კონკრეტული გეგმა აქვთ, რომელსაც უწყებას გააცნობენ. ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტრო მათ მოთხოვნებს არ გამოხმაურებია.
მარიამ ქუხილავა